წალკის მუნიციპალიტეტი თბილისიდან 120 კილომეტრში მდებარეობს.
მუნიციპალიტეტში მრავალი ისტორიული ძეგლი და ბუნებრივი
ღირსშესანიშნაობაა, ცხოვრების დონე კი დაბალია - 2025 წლის პირველი
იანვრის მონაცემებით წალკაში 20 200 მოქალაქე ცხოვრობს, მათი 32,8% კი
სოციალურ შემწეობას იღებს.
სიდუხჭირე წალკის სოფლებსაც ეტყობა - ძველი სახლები, მოუწესრიგებელი
ქუჩები, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის არქონდა და საძოვრების
ნაკლებობა - ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა წალკის ორ სოფელში,
არ-სარვანსა და საბეჭისში.
არ-სარვანი ეთნიკურად აზერბაიჯენელებით დასახლებული სოფელია. სოფლის
ცენტრში მისვლისას მოქალაქეებმა მათ პრობლემებზე ღიად საუბრაი
გადაწყვიტეს. მოგვიყვნენ თუ როგორ უჭირთ მოსავლის მოყვანა, საქონელის
საბალახოებზე გაშვება და თივის ყიდვა, რამდენად აწუხებთ უგზოობა და
ბუნებრივი აირის არქონდა და გვიამბეს მათი სიდუხჭირის შესახებ - წუხან
რომ სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ, მაშინ როდესაც მათი უფრო
შეძლებული მეზობლები სოციალური დახმარების მიმღებნი არიან.
არ-სარვანის მსგავსად გზის და საძოვრების პრობლემა აწუხებთ სოფელ
საბეჭისშიც. ისტორიული სოფელი 90-იან წლებში ბერძენი მოსახლეობისაგან
თითქმის სრულიად დაიცალა, 20-25 წლის წინ კი სოფელში საცხოვრებლად,
თვითდინებით, გადმოვიდნენ მოქალაქეები აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან
- მიატოვეს მშობლიური ადგილი მეწყერის შიშით.
„სოფელს თითქმის არ აქვს მიწები. საძოვრები გლეხებს არ
აქვთ გადაცემული. გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. ყველაზე მეტად ალბათ
უფრო საძოვრების პრობლემა გვაქვს. არავის არაფერი აქვს, ერთი-ორს თუ
აქვს სახლები შესყიდული. ფაქტიურად უკან მიდის ხალხი, ქალაქებში
მიდნიან და აღარავის უნდა სოფელში ცხოვრება. ჩვენ თვითდინებით
ჩამოვედით. ვიყავით ეროზირებული და როდესაც გავიგეთ, რომ ამ სოფელში
რამდენიმე გლეხი ჩამოვიდა ჩვენც წამოვედით. რომ ჩამოვედით შეგვპირდნენ
სახლების შესყიდვას და ერთი-ორი სახლი შეისყიდეს. სხვებს არ აქვთ
შესყიდული და მიწები ფაქტიურად არც გვაქვს“. -
გვეუბნება საბეჭისის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელმაც საჯაროდ ვინაობის
გამხელა არ ისურვა.
საბეჭისამდე მხოლოდ მისასვლელი გზაა დაგებული. სოფლის შიდა გზები კი
მოუწესრიგებელია. წვიმის შედეგად სოფელის ქუჩები სრულიად ატალახებულია
და ფეხით გავლა თითქმის შეუძლებელი. საბეჭისელი მურმან ირემაძე
გვიყვება თუ როგორია სოფელში ცხოვრება - ამბობს, რომ მისი ოჯახი 24
წელია რაც საბეჭისში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ პრობლემების
უმრავლესობა კვლავ მოუგვარებელია.
„ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და მიწები ჯერ კიდევ არ
დაურეგისტრირებიათ. არ მაქვს ადგილი რომ ვაწარმოო კარტოფილი იქნება,
ხორბალი, ქერი თუ სხვა. უნდა გქონდეს სახნავ-სათესი. ეზოში მხოლოდ
საკვებად მოგვყავს კარტოფილი და ეგაა. ბაღი არ გვაქვს და შენდება,
სკოლაც შენდება - მოვიდნენ, ვისაუბრეთ და წელს უნდა დაიწყონ
მშენებლობა. გაზი ჩართული არაა, მაგრამ წელს აპირებენ მაგის
ჩართვასაც, უბრალოდ გაყვანილია მილები. წყალი არის ყველა
ოჯახთან“. - გვითხრა მურმანმა
მურმანი თავადაც ახალგაზრდაა და ამბობს, რომ მისი თანატოლებისა და
სხვა ახალგაზრდების უმრავლესობამ სოფელი დატოვა - საბეჭისში
განვითარების შესაძლებლობა ვერ დაინახეს, რის გამოც თბილისში, ბათუმსა
და სხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ორივე სოფელში შიდა გზების პრობლემა თვალნათლივ ჩანს. გზებთან
დაკავშირებით პრობლემას ხედავენ წალკის მუნიციპალიტეტის მერიაშიც.
2025 წლის წალკის ბიუჯეტის მიხედვით, 10 578 500 ლარია გამოყოფილი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის
გზები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჩატარებია კაპიტალური
რემონტი, ასევე არ მომხდარა მათი მიმდინარე შეკეთება“.
- აღნიშნულია წალკის 2025 წლის ბიუჯეტში
წალკის მერიას 2025 წელს გზების დაგებისათვსი რამდენიმე ტენდერი აქვს
გამოცხადებული, მაგრამ არც ერთი მათგანი სოფელ არ-სარვანსა და
საბეჭისში გზების დაგებას არ ითვალისწინებს.
რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა წალკის მერს, ილია საბაძეს, რომელმაც
გვითხრა რომ არ ეცალა და მოგვიანებით ინტერვიუს ჩაწერაზე დაგვთანხმდა.
საბაძესთან საუბრის შემდგომ დაგვიკავშირდა წალკის მერიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც
მივაწოდეთ კითხვები, რათა მერი მომზადებულიყო და შემდეგ ინტერვიუ
ჩაგვეწერა. ერთ კირაზე მეტია წალკის მერიიდან კითხვებზე პასუხს ველით,
მაგრამ არც მერი და არც პიარი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.
სოფელ საბეჭისისა და არ-სარვანის მიმდებარედ არსებული საძოვრების
უმრავლესობას სწორედ წალკის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს. მათ, სხვა
კითხვებთან ერთად, ასევე ვკითხეთ იყვნენ თუ არა საქმის კურსში
მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემის შესახებ და შეეძლოთ თუ არა
მოქალაქეებს მერიის ბალანსზე არსებულ საძოვრებზე საქონელის გაშვება და
თივის შეგროვება. ამ დრომდე წალკის მერიაში პასუხს არ გვცემენ.
"სოკარ ჯორჯია გაზში“ რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ სოფელ
არ-სარვანსა და საბეჭისში გაზის გაყვანის სამუშაოები 2025 წლის
ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც მოქალაქეებს კომპანიისთვის მიმართვა
და აბონენტად რეგისტრაცია შეეძლებათ. კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს,
რომ სოკარი, მერიასთან თანამშომლობით, მოსახლეობას მიაწვდის
ინფორმაციას თუ როდის და სად უნდა წარადგინონ განცხადება ოჯახებში
ბუნებრივი აირის მისაწოდებლად.
ქვემო ქართლის მასშტაბით სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
საკმაოდ დიდია. სტატისტიკის მიხედვით, დმანისის მოსახლეობის 41.1%
სოციალურ შემწეობას იღებს, გარდაბანში შემწეობას 35.6% იღებს,
თერიწყაროში 33.9%, წალკაში 32,8%, ბოლნისში 32,7%, ხოლო მარნეულში
22.8%.
„3 წლის ბავშვი მყავს, ჯერ დახმარების მიღება ვერ
მოვახერხე. კარდაკარ მიდით და ნახეთ ზოგს ტრაქტორიც აქვს, 10 საქონელი
და დახმარებას იღებენ. ზოგი ავადაა ახლა, არც საქონელი ჰყავს მაგრამ
დახმარებას არ აძლევენ. ყველა თანაბარი არ ვართ. ზოგს მანქანაც ჰყავს
ბავშვისთვისაც იღებს დახმარებას და ისედაც იღებს. ზოგს კი არაფერი არ
აქვს მაინც არ აძლევენ დახმარებას. დღემდე 50-ჯერ ვუთხარი მეუბნება
არაო, არ გეკუთვნისო. ვისაც 2-3 მანქანა ჰყავს მაგათ
ეკუთვნის“. - გვითხრა სოფელ არ-სარვანის მკვიდრმა ტოფიკ
დალივალოვმა
ტოფიკი ფიქრობს, რომ სოციალური შემწეობა სწორი ფორმით არ გაიცემა და
თვლის, რომ მის მდგომარეობას უსამართლოდ აფასებენ. ტოფიკის მსგავსად
ფიქრობენ მისი სხვა თანასოფლელები და ჩვენს მიერ გამოკითხული
საბეჭისელების ნაწილიც.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის
იურისტმა მარიამ ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის
მიღების თვალსაზრისით ბევრი მოქალაქე გამოთქვავს პრეტენზიას -
აცხადებან, რომ მათ დიდი ქულა მიუვიდათ, მაშინ როდესაც მათზე უფრო
შეძლებულ ოჯახებს ნაკლები.
„ეს ყველაფერი მოქალაეთა უკმაყოფილებასა და უნდობლობას
იწვევდა კიდევაც ამ სისტემის მიმართ. მე ვსაუბრობ სოციალური
საჭიროების სისტემაზე. მათ შორის ეს ბუნდოვანება და ეს კითხვები, თუ
როგორ ნაწილდება საარსებო შემწეობა მოქალქეებზე არის საკმაოდ გასაგები
იქედან გამომდინარე, თუ ჩავხედავთ რა მეთოდოლოგიით ხდება ქულების
მინიჭება და როგორ ხდება შემდგომ შესაბამისი დახმარებების
გაცემა“.
მარიამ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საარსებო შემწეობის სერვისი 2006
წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანი ადამიანების შიმშილისგან დახსნა იყო.
წლების განმავლობაში საარსებო შემწეობის სერვისში გარკვეული
ცვლილებები შევიდა, მაგრამ უცვლელი დარჩა სოციალური დახმარების
მიმღებთა გამოვლენის წესი - ოჯახებმა თავად უნდა მიმართონ სოციალური
მომსახურების სააგენტოს, მათ სააგენტოს წარმომადგენელი სახლში
ესტუმრება, შეაფასებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რის
შემდეგაც კომპიუტერი წერს ქულას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს
შესაძლოა დაენიშნოს სოციალური დახმარება. ჯანიაშვილის თქმით, 2015
წლიდან ქულის დაწერის წესში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები შევიდა -
თუ აქამდე მოქალაქეების ქულაზე ელემენტარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა,
როგორიცაა მაცივარი, გაზქურა თუ სხვა, გავლენას ახდენდა, ეს ტექნიკა
უკვე აღარ მოახდენდა გავლენას საბოლოო ქულაზე.
„თუმცა, კომპიუტერით დათვლა არსებული ქულების,
შინამეორნეობის ქულების, და ასევე მთელი რიგი საკითხები, რომელთა
შეფასებაც ხდება, კვლავ რჩება. მაგალითისთვის, შინამეურნეობას
შეიძლება მაღალი ქულა დაუწერონ თუ მათ შეფასებამდე 12 თვის
განმავლობაში შედარებით დიდი თანხა აქვთ გადახდილი კომუნალურ
გადასახადებში. მაგალითად, თუ შინამეურნეობას აქვს პარკეტი, თუ ფლობს
მიწას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ოჯახი იყოს ერთსულიანი,
იყოს ხანდაზმული ადამიანი რომელიც მიწას ვერ
დაამუშავებს“. - ამბობს მარიამ ჯანიაშვილი
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2023 წელს გამოაქვეყნა კვლვევა
სოციალური დაცვის შესახებ. მარიამ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ კვლევამ
ასევე გამოავლინა ხარვეზები სისტემის მიერ მოქალაქეთა ჩარიცხვისა და
ამორიცხვის პრობლემებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ
ყველანაირი გარე ჩარევის გარეშე სისტემა, ცალკეულ შემთხვევებში, ვერ
ხედავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებათ დახმარება და შეიძლება
დაინახოს და ჩარიცხოს სისტემაში, რომელთაც არ სჭირდებათ
დახმარება.
„სხვადასხვა კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის
ძალაინ დიდი პრობლემა საქართველოს რეალობაში და მიუთითებს იმაზეც, რომ
ცალკეული ნაწლი ოჯახების, რომლებიც არიან უმძიმეს მდგომარეობაში და
ცხოვრობენ სიღარიბეში ვერ ხვდებიან ამ სისტემაში. ერთი მხრივ, იმიტომ,
რომ საერთოდ შეიძლება არ მიმართონ სისტემას. სხვადასხვა მიზეზების
გამო არ მიმართავენ ადამიანები სისტემას. მათ შორის ენობრივი ბარიერის
გამოც, მათ შორის სხვა ტიპის ადმინისტრაციული ბარიერების გამო, მათ
შორის იმის გამო, რომ ერთხელ უარი ეთქვათ და შემდგომ არ აქვთ იმედი,
რომ მათ სასიკეთოდ გადაწყდება საქმე და მეორე მხრივ შეიძლება მიმართონ
ოჯახებმა, თუმცა სისტემამ მათი სიღარიბე ვერ დაინახოს“.
- გვითხრა მარიამ ჯანიაშვილმა
სწორედ საარსებო შემწეობის მიღებისათვის ქულების დაწერის წესში
არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გამო წუხს არ-სარვანელი ტოფიკ
დალივალოვი. მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ქულის მიღება და
რატომ შეიძლება მასზე უფრო შეძლებულმა თანასოფლელმა მიიღოს სოციალური
დახმარება, თავად კი არა.
ინფორმაციის ნაკლებითაა განპირობებული არ-სარვნელებისა და
საბეჭისელების სხვა წუხილებიც გაზის, გზის დაგებისა და საძოვრების
შესახებ. მოსახლეობას ადგილორივი თვითმმართველობა ინფორმაციას არ
აწვდის, ხოლო ჩვენს კითხვებს არ პასუხობს. სწორედ ამიტომ არიან
მოქალაქეები გაურკვევლობაში - გაზი სოფელში გაყვანილია, მაგრამ
სახლამდე არა; წყალი ზოგან გაყვანილია, ზოგან კი არა; ხრეში ერთგან
დაყარეს, მეორგენ კი არა. მოქალაქეები ელიან პასუხს, როდის მოგვარდება
მათი პრობლემები, და კონკრეტულ ქმედებებს, როდესაც დაინახავენ
ცვლილებას სოფელში, რამაც შესაძლოა არ-სარვანელები და საბეჭისელები
კვლავ სოფელში დააბრუნოს და მუნიციპალიტეტიდან და ქვეყნიდან წასვლა არ
აიძულოს.