საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მერ გამოქვეყნებული
მასალის მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის პერიოდულ
გამოცემათა ფონდის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ექსპონატია
აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული სატირული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“,
რომელიც თბილისში 1906 წელს ახალციხელმა მუსლიმმა მესხმა, ომარ
ყიფიანმა, იგივე ფაიგ ნემანზადემ დააარსა.
იმ პერიოდისთვის თავადაც საკმაოდ განათლებული და ქალთა განათლების
მომხრე ომარ ფაიგი ცარისტულ რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც
ჟურნალის
გამოცემის უფლებას არ მისცემდნენ, ამიტომ მან ჯალილ მამედყულიზადე
დანიშნა მთავარ რედაქტორად. ჟურნალის ილუსტრატორებად კი თბილისელი
გერმანელები, ოსკარ შმერლინგი და იოზეფ როტერი მიიწვია, რომლებმაც
პერიოდულ გამოცემებში თავიანთი კარიკატურებით კავკასიის მასშტაბით
სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრეს.
ომარ ფაიგსა და ჯალილ მამედყულიზადეს ბევრი უმსჯელიათ ჟურნალის
სათაურზე - „მოლა ნასრედინის“ გაგონებისას მკითხველი იფიქრებს, რომ
გამოცემაში სასაცილო ისტორიები, საინტერესო დიალოგები,
მახვილგონივრული გამონათქვამები ელოდებაო. ვარაუდმა გაამართლა -
სახელწოდება „მოლა ნასრედინი“ მკითხველში საუკეთესო მოლოდინებს
იწვევდა. გამოცემაში ქვეყნდებოდა კარიკატურები და სტატიები იმ
დროისთვის კავკასიაში არსებულ პრობლემებზე - ქალთა ჩაკეტილობაზე,
სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიციის არაკეთილსინდისიერებაზე და ა.
შ.
ჟურნალი იყენებდა მარტივი ილუსტრაციისა და ხალხური ზღაპრებიდან აღებულ
სიმბოლურ ენას. ალბათ, ყველაზე სახასიათო ნახატია 1909 წელს
გამოქვეყნებული კარიკატურა: ორი აღმოსავლურად შემოსილი მოხუცი
(მინაწერით - „ძველი ტრადიციები" და „ძველი მეცნიერებები") დგას
ლიანდაგზე და გზას უღობავს მატარებელს წარწერით „პროგრესი“. ისინი
ყვირიან: "ჩვენ არ მოგცემთ წინსვლის უფლებას". როგორც ყველა ასეთ
ნახატში, მოლა ნასრედინი შორიდან აკვირდება მოქმედებას.
ჟურნალში იბეჭდებოდა დიალოგები, ფელეტონები, იუმორისტული ლექსები,
სატირული მოთხრობები, ანეკდოტები, იუმორისტული განცხადებები, კერძო
განცხადებები, კარიკატურები და სხვა ილუსტრაციები. ”მოლა ნასრედინის”
ფურცლებზე ასევე ქვეყნდებოდა სხვადასხვა პოეტებისა და პროზაიკოსების
ფელეტონები.
არავინ მოელოდა ასეთ დიდ წარმატებას. სულ მალე ჟურნალი 5000–იანი
ტირაჟით გამოდიოდა.
ჟურნალი თბილისში 1906-1914, 1917 წლებში (1917 წელს აიკრძალა
ცენზურის მიერ) გამოდიოდა, 1921 წლიდან მისი გამოცემა თავრიზში
განახლდა რამდენიმე თვით, 1922-1931 წლებში კი ბაქოში იბეჭდებოდა. იმ
პერიოდში თბილისში მოღვაწე გამოჩენილი გერმანელი ჟურნალისტი არტურ
ლაისტი დიდ ხოტბას ასხამდა „მოლა ნასრედინის“ ავტორებს. იგი
აღფრთოვანებული იყო მათი შემოქმედებითა და გამბედაობით.
ფოტო:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა