სამი დედა, 12 შვილი და პანდემია
დაკეტილი ბაღები, სკოლები, გასართობი ცენტრები და ბავშვები სახლში - კორონავირუსის პანდემიამ დედების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მათ უწევთ მუშაობა, სახლის საქმეების გაძღოლა, მასწავლებლობა, ბავშვობა, რათა შვილებს თანატოლივით ეთამაშონ და ათასი სხვა რამის კეთება. დედებისგან კორონამ ყველა ქვეყანაში სუპერძალა მოითხოვა და გამონაკლისი არც მარნეულია.

ოლგა ენდელაძე მარნეულის "დემოკრტ ქალთა საზოგადოების" ხელმძღვანელია. მუშაობს რამდენიმე ადგილას, მუდმივად წერს პროექტებს, სოციალურად აქტიურია და ცდილობს მუნიციპალიტეტის ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროს. ის ამავდროს ექვსი შვილის დედაა. მათგან სამი ტყუპი სკოლის მოსწავლეა და ოლგას პანდემიისას, ყველა სამსახურისა თუ საოჯახო საქმის ფონზე, პედაგოგის როლის მორგებაც მოუხდა.


„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შვილი გყავს. მაგრამ, როცა სამი ბავშვი ერთ კლასშია, ერთი ასაკის არის, ერთი და იგივე გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, ძალიან რთულია. ჩვენ ვერ შევძელით ქართულ სექტორზე სწავლა იმიტომ, რომ სამივესთვის ერთი და იმავე მასალის ახსნა ან დახმარება, აუტანელია“

ოლგას მსგავსად, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ სხვა მშობლები, რომლებსაც განსხვავებული პროფესია თუ საქმე აქვთ, მაგრამ პანდემია აერთიანებთ. ასეთია წალკაში მცხოვრები ოთხი შვილის დედა ქეთევან ვიბლიანი, და გარდაბანში მცხოვრები ორი შვილის დედა აინურა ალიევა, რომლებმაც შვილები პანდემიის პერიოდში გააჩინეს.



„ვფიქრობდი, როგორ დაემთხვეოდა ბავშვის დაბადების დროს ჩვენი წასვლა საავადმყოფოში. წინა პერიოდი მთელი ოჯახისთვის დიდი სანერვიულო იყო უკვე, როცა მშობიარობის დრო დადგა, ღამის საათები იყო, ჩვენ საშვი არ გვქონდა, მაგრამ გადაუდებელი აუცილებლობა რომ იყო, 112-ს დავურეკეთ, ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ თბილისში მოგვიწევდა წასვლა. ჩემს ცხოვრებაში მაგაზე ბნელი ღამე მე არ მახსოვს“,
- გიყვება აინურა.

სამ დედას, რომელთა ცხოვრებას გარკვეული პერიოდი რადიო „მარნეულის“ კამერა იღებდა, ჯამში 12 შვილი ჰყავს. დოკუმენტურ ფილმში ჩვენ გიამბობთ, როგორ უმკლავდებიან ისინი პანდემიურ გამოწვევებს, როგორია მათი ცხოვრება ჩაკეტილობაში და რა სირთულეების გადალახვა უწევთ შვილებთან ერთად

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები