2026 წლის აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 1-30 აპრილის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოვლინდა.

დეპარტამენტის ცნობით, დაფიქსირებული სამართალდარღვევებიდან 125 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას უკავშირდება, ხოლო 31 ფაქტი - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას და არალეგალურ საქმიანობას. ამავე პერიოდში 19 შემთხვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისი მასალები საგამოძიებო

უწყებებს გადაეგზავნა.

აპრილში ასევე დალუქულია 1 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, ხოლო ჯამში ამოღებულია 254 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა — 48 ფაქტი. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი (36), კახეთი (24), იმერეთი (19), სამცხე-ჯავახეთი (8), ქვემო ქართლი (7), გურია (5), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (3), შიდა ქართლი (3) და მცხეთა-მთიანეთი (2). თბილისში კი დაფიქსირდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 შემთხვევა.

დეპარტამენტის განცხადებით, ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია კვლავაც პრიორიტეტად რჩება. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას, ხოლო სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში უკვე გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 651 ფაქტი, ხოლო დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები