გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში სამართალდარღვევა გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეს საკუთარ საკარმიდამო ეზოში უკანონოდ
ჰქონდა დამონტაჟებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი
დანადგარები.
ადგილზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად ტერიტორიიდან ამოღებულია
უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე
(მორი) და დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის
პირველადი
გადამუშავების პროდუქტი — ფიცარი.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის
უწყებაში გადაიგზავნა.
ინფორმაციით, მიმდინარე წელს აჭარისა და გურიის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე უკვე 10 უკანონო
სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბუნებრივი
რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია
მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უწყება ქვეყნის მასშტაბით მკაცრ
და უწყვეტ კონტროლს ახორციელებს, მათ შორის არარეგისტრირებული სახერხი
საამქროების გამოვლენისა და შემცირების მიზნით.
დეპარტამენტის თქმით, მყისიერი რეაგირება ხდება ცხელ ხაზზე (153)
შესულ თითოეულ შეტყობინებაზე, ხოლო გამკაცრებული კანონმდებლობის
პირობებში ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების
შემცირების ტენდენცია შეინიშნება.