ნარკოდანაშაულის ბრალდებით 48 საათში 119 პირი დააკავეს — მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული

ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა.


საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ რეალიზაციიდან მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპოლიციო დანაყოფები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები