68 800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ფინანსური დავალიანებები ჰქონდა და წინასწარ იცოდა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა. მიუხედავად ამისა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მან დაზარალებულთან გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო მასალების მიწოდების შესახებ.

ხელშეკრულების საფუძველზე მან დაზარალებულს ავანსის

სახით 68 800 ლარი ჩაარიცხინა, რაც შემდეგ სრულად მიითვისა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები