გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის
მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქემ სოფელ ქვენატკოცას მიმდებარედ,
მდინარე ფცაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა ხრამულის
სახეობის 13 კილოგრამამდე თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ელექტროიარაღით
თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით
შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
უწყება განმარტავს, რომ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც
გარემოს, ასევე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კანონით
დასჯად ქმედებად ითვლება ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა,
ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის თანახმად,
ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე
ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით,
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან
უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო
თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია,
გამოვლენა და აღკვეთა.
მოქალაქეებს სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 153.
უწყების ინფორმაციით, თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება
ხორციელდება.