სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ
ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო
ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მოქალაქეს, ქალაქ ბათუმში
უკანონოდ აშენებულ კომერციულ ფართზე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის
თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი გამოართვა. სამართალდამცველებმა
იგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულის უშუალო სამსახურებრივ მოვალეობას „ბათუმის მუნიციპალურ
ინსპექციაში“ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა
კლასის სამშენებლო
ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვო და უკანონო მშენებლობებზე
კანონით განსაზღვრული რეაგირება წარმოადგენდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ
6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.