სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურთან თანამშრომლობით,
ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული
მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. 2 ტონამდე
ხორცი ამოღებულია და განადგურებულია.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ
წილკანში დაიწყო, სადაც 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაცია
დაფიქსირდა. ფერმერ კ. წ.-ის განმარტებით, საქონლის სადგომის მწერების
საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ ცხოველებს მოწამვლის
ნიშნები გამოვლინდა.
"ადგილზე მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარები მივიდნენ,
რომლებმაც ლაბორატორიული კვლევისთვის გამოყენებული პრეპარატის ნიმუში
აიღეს. პირველადი შესწავლით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა პრეპარატის
არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას. ფერმერის
მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით
ადგილზევე განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ბაზარზე
საშიში ხორცის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს
წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა", -
სააგენტო წერს.
მიუხედავად ამისა, ჩატარებული დამატებითი მოკვლევის ფარგლებში,
შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის
ინსპექტორებმა გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს
„პროდუქტები 2028“-ის კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი
გადაჰქონდა.
შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო
საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში მოწამლულ პირუტყვს
ეკუთვნოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზომები გაატარეს: უნებართვოდ დაკლული ხორცი სრულად
ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის
შესაბამისად დაჯარიმდა.