ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვრის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ოსიაურის მიმდებარედ სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარე მტკვრის კალაპოტიდან 100 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.

ვინაიდან აღნიშნულ ფაქტში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

დეპარტამენტის განმარტებით, ქვიშა-ხრეშის უკანონო

მოპოვებამ შესაძლოა მდინარის კალაპოტის დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, დასახლებული პუნქტების დატბორვა და ეკოსისტემების დაზიანება გამოიწვიოს.

უწყების ცნობით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ და ცხელ ხაზზე — 153-ზე — შემოსულ შეტყობინებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინა. მათგან 26 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები