სახელმწიფო ქონების მხოლოდ საპატრიარქოსთვის გადაცემა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო
სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ითვალისწინებდა,
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს, 3 ივლისს მიიღო.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სარჩელი საქართველოში მოქმედმა რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაესმა რელიგიურმა სამმართველმ.
დავის საგანს წარმოადგენდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ნორმა სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას მხოლოდ საპატრიარქოს ანიჭებს, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს კი ამ უფლების გარეშე ტოვებს.
“მოპასუხის[საპატრიარქოს] განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ხელშეწყობა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის – სახელმწიფოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება”, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოსამართლეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება მის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ გულისხმობს.
“სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის აღნიშნულ გარემოებასთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში.
კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი. სასამართლოს შეფასებით, კონსტიტუციის ამ დებულების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის პრივილეგიების განმტკიცება.
ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული შეღავათის მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმავე შესაძლებლობით სარგებლობის ხელშეშლას”, – აღნიშნავს სასამართლო.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ, შესაძლოა მიიღოს საკუთრებაში პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება:
“…ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას”.
მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ დისკრიმინაციის აღოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. სამართლოს გნამრატებით, ამგვარი საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის კომპეტენციაა, რის გამოც არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის შეჩერება 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადადო
წყარო: "ნეტგაზეტი"
Print