პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ათზე მეტი ფაქტი გახსნა - დაკავებულია 11 პირი
15:51 / 28.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ.
და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში
დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და
ვაზიანში ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო
და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული
ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ
მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის
კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში
დააკავეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში,
ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ
დაკავებულია 11 პირი, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 3
არასრულწლოვანი.