ნოვრუზ ბაირამის 16 385 ლარიანი ტენდერი წინა წლისაგან განსხვავებულია

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად მზადება

უკვე დაიწყო. 21 მარტს, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებაშიც თვითმმართველობა 16 385 ლარს დახარჯავს.

ბაირამის დღესასწაული მარნეულში მრავალი წელია აღინიშნება. კონცერტი, მომღერლები, ჯამბაზები, თეატრალური პერფორმანსები და ა.შ. ყოველი ნოვუზობის თანმდევი ელემენტებია.

წინა წელთან შედარებით, როდესაც მარნეულის მერიას ნოვრუზობის აღსანიშნავად 19 228 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, წელს სატენდერო პირობები გარკვეულწილად შეცვლილია.

მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, წელს ღონისძიებას ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი და ერთი ქართველი ქალი წაიყვანს. 2018 წელს სატენდერო დოკუმენტაციაში წამყვანების ეროვნება მითითებული არ იყო. ასევე არ იყო მითითებული მათი ასაკი, წელს ქალი 30-დან 35 წლამდე უნდა იყოს, პროფესიით ჟურნალისტი ან მსახიობი, საავტორო გადაცემის წამყვანი რადიოსა და ტელევიზიაში და უნდა ჰქონდეს ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება. კაცის ასაკი 35-დან 40 წლამდეა განსაზღვრული, უნდა იყოს თეატრის მსახიობი და რეჟისორი, აზერბაიჯანული და ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე, სასურველია მონაწილეობდეს სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში და მასაც უნდა ჰქონდეს ანალოგიური ღონისძიებების წაყანის გამოცდილება.

წინა წლისაგან განსხვავებით, 2019 წელს ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს კვარტეტი „ფორტე“.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს 3 ინდივიდუალური შემსრულებელი ვაჟი, სამივე მათგანი აზერბაიჯანელი და 30-დან 35 წლამდე ასაკის, მათგან ერთ-ერთი კი აუცილებლად რეპერი უნდა იყოს, ასევე იმღერებს ერთი ქართული ეროვნების 30-დან 40 წლამდე ქალი.

თეატრლიზებულ მსვლელობაში, ბაირამისათვის დამახასიათებელი პერფორმანსით, მონაწილეობას 3 მსახიობი მიიღებს, რომლებმაც ნოვრუზ ბაირამისთვის დამახასიათებელი პერსონაჟები „ქოსა, ქეჩალი და დადა გორგუდი“ უნდა განასახიერონ.
წინა წლის მსგავსად, თეატრალურ მსვლელობაში მონაწილეობას 4 ანიმატორი „ოჩოფეხი“ მიიღებს. ისინი დედამიწის 4 სტიქიას, ჰაერს, მიწას, წყალსა და ცეცხლს განასახიერებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 25 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 3-დან 5 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები