ქართული ტოლერანტობა შესაძლოა არამატერიალური კულტურის ძეგლი გახდეს - სალომე ზურაბიშვილი
ქართული ტოლერანტობა შესაძლოა იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე გახდეს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 19 მარტს მარნეულის რაიონის სოფლე თამარისში, მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

სოფელ თამარისის სკოლაში ეთნიკურად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას თქვა, რომ სწორედ ასეთი სკოლის არსებობაა ამის მაგალითი და ნიმუში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოსათვის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეისათვის ადამიანების სიძულვილია, ისინი ვეღარ იტანენ ერთმანეთს, ზოგჯერ ომზე გადადიან, ზოგჯერ კი კედლებს აშენებენ - „ის, რომ ამ პატარა ქვეყანაში ვაღწევთ იმას, რომ შენარჩუნებული არის ეს მშვიდობა და ერთმანეთის არა მხოლოდ გაგება, არამედ სიყვარული, ეს არის ყველაზე დიდი ძალა ამ ქვეყნის და თქვენ ხართ ეს ძალა. სწორედ ეს ტოლერანტობა ჩვენ გადავწყვიტეთ შევიტანოთ იუნესკოში და ერთ-ერთი არამატერიალური ძეგლი ხვალ შეიძლება გახდეს ქართული ტოლერანტობა.“

სალომე ზურაბიშვლიმა ასევე აღნიშნა, რომ ტოლერანტობა მთელს კავკასიაში ძველი დროიდანაა გავრცელებული და მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები