ნოვრუზი - არ დაგავიწყდეს გაზაფხული!
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ბლოგი მარნეულში ჩატარებული ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის შესახებ.  ავტორი ცოტნე ცხვედიანია.

გთავაზობთ ბლოგს უცვლელად.


საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ქუთაისში, გიმნაზიის მოსწავლეებმა გვირილები გაყიდეს და ტუბერკულოზით დაავადებულებს დაეხმარნენ, ასე ჩაეყარა საფუძველი სახალხო დღესასწაულს, რომელსაც ,,გვირლობას’’ ეძახდნენ და აპრილში ან მაისში აღინიშნებოდა. დრო გავიდა და ვერც შევამჩნიეთ, როგორ დაემსგავსა ეს დღე ,,თბილისობას’’ - საბჭოთა ჩინოვნიკების მოგონილ დღესასწაულს, რომელიც პროვინციალიზმის ერთგვარ მანიფესტად იქცა. პერიფერიიდან ჩამოსული ხალხი ძღვენს მიართმევს ცენტრს, გარშემო კი, ჩინოვნიკები და ბიუროკრატები არიან გამოფენილი.

,,თბილისობა’’ მოდელია, რომელიც ბიუროკრატის ხელში, ყველა დღესასწაულს ერგება და ფარავს დღის ნამდვილ შინაარსს. ასეთი ბედი ეწია საქართველოში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულსაც, რომლის ისტორიაც ათასწლეულებს ითვლის და აზიის ხალხებისთვის უმნიშვნელოვანესია. ნოვრუზი ირანული კალენდრის პირველი დღეა, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას – დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.

სანამ დღესასწაული დადგება, აღნიშნავენ ზამთრის უკანასკნელ სამშაბათებს. პირველი არის წყლის სამშაბათი, ამ დღეს, გამთენიისას, ადამიანები მდინარეზე მიდოდნენ, წყალს სვამდნენ და სურვილებს იფიქრებდნენ. შემდეგ დგება ცეცხლის სამშაბათი, მზესთან შეხვდრის დღე. ღამით ოჯახებში სანთლები ინთებოდა. მიწის სამშაბათი დედამიწას, როგორც სიცოცხლის და თანასწორობის სიმბოლოს ეძღვნებოდა. ამ დღეს რგავდნენ ხეებს და ჯეჯილს.

ბოლოს, სამშაბათი ქარის არის, როგორც განახლების, ცვლილებების სიმბოლოს. ამის შემდეგ დგება ნოვრუზი, ახალი დღე და ადამიანები გაზაფხულს ეგებებიან. ადგილობრივების აზრით, გაზაფხულთან შეხვედრა, ცვლილებების დაწყების იმედი, სწორედ ესაა ნოვრუზის მთავარი არსი.

დღეს ნოვრუზი სრულიად განსხვავებულად აღინიშნება, ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები ფიქრობენ, რომ ზეიმის ორგანიზატორები ბაძავენ ბაქოში გამართულ ღონისძიებებს და ივიწყებენ იმ განსაკუთრებულ ტრადიციებს, რომელიც ადგილობრივებმა საუკუნეების მანძილზე შექმნეს.

დღესასწაულის გამოდერნულობის მცდელობა ეფუძნება სურვილს, რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნას. ეწყობა დახლები, იყიდება სუვენირები, რომლებიც შესაძლოა არანაირი კავშირში არ იყოს დღესასწაულთან.

თანამედროვე ნოვრუზი კარნავალია ინტეგრაციაზე. ხალხს სიტყვით მიმართავს პრემიერ მინისტრი, რომელიც გასტროლებზე მყოფი პოპ-ვარსკვლავივით, ადგილობრივების ენაზე ერთ-ორი სიტყვას ამბობს. ამ მოკლე და შაბლონურ გამოსვლაში არაფერ მნიშვნელოვანზე არ მიანიშნებს. მხოლოდ ცარიელი სიტყვები მრავალფეროვნებაზე და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. წლების წინ, როცა შევარდნაძის ხელისუფლებამ უარი თქვა ნაციონალისტურ რიტორიკაზე და ამ ხალხს ესტუმრა, ამან ნამდვილად დიდი გამოხმაურება და სიხარული გამოიწვია ადგილობრივებში, თუმცა ახლა უფრო მეტია საჭირო და ქვეყნის მმართველი მხოლოდ დღესასწაულებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს, რომელმაც ძალაუფლება მისცა.

ჩინოვნიკის ახირებაა, გაზაფხულის შესახვედრად გამოსულ ადამიანებს, ელაპარაკო ინტეგრაციაზე და სხვა არცერთ დღეს აღარ გაგახსენდეს შენი ნათქვამი. გაუგებარია, ვის სჭირდება ამ დღეს სცენაზე პოლიტიკოსის მოსაწყენი გამოსვლები.

დღესაც, 2019 წლის 21 მარტს არაფერი შეცვლილა - ქვემო ქართლის რწმუნებული ენის არცოდნაზე ამახვილებს ყურადღებას. არაფერს ამბობს იმ განსაკუთრებულ ვითარებაზე და პრობლემებზე, რის შედეგადაც ამ ხალხმა ენა ვერ ისწავლა. ამგვარად, მხოლოდ ახალისებს მითებს, რომლებიც ხალხს არწმუნებენ, თითქოს აზერბაიჯანელებს ქართულის სწავლა არ უნდათ. ავიწყდება, რომ საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანელები სოფლად ცხოვრობდნენ, სრულიად გარიყულები, განსხვავებით სხვა არა-დომინანტი ეთნოსებისა, რომლებიც ქალაქებში სახლობდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიან ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორული ჯგუფები. ზოგიერთი ქორეოგრაფი ცდილობს აზერბაიჯანული და ქართული ცეკვები გააერთიანოს, დღის კულმინაციად კი, წამყვანებმა ,,მთიულური’’ გამოაცხადეს. ამ ნომრით დასრულდა ზეიმი.

ცხადია, უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ჩვენი ფოლკლორი ტრადიციები გავაცნოთ, მაგრამ არაა აუცილებელი ნოვრუზი ქართული ცეკვით დასრულდეს. ამას სჯობს, ქართულ ტრადიციულ დღესასწაულებს გავუფრთხილდეთ, რომ ისიც ,,თბილისობას’’ არ დაემსგავსოს.

ნოვრუზი მთავრდება და ადამიანები შინ ბრუნდებიან. მათ შორის ისევ დიდი გაუცხოებაა. კულტურული ღონისძიებები ერთი დღით აერთიანებს აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე, გარიყულობა და ნაციონალისტური მითები მათ ისევ აშორებთ.

წყარო: EMC

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები