თბილისში საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
თბილისის მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს.

მერიის თანახმად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან უკვე შეთანხმდა ის ადგილები, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რომელიც დემონტაჟის პროცესს შარტავას ქუჩაზე აკვირდებოდა, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა ქვეითთა გადაადგილებისთვის უკვე მომზადებულია.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ”, – აცხადებს კალაძე. კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს
უწყების თანახმად, საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი, რომელიც კომპანია “მეტეხი2008”-ის მიერ ხორციელდება და 307 805 ლარი ჯდება, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.


თბილისის მერმა საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. კახა კალაძე აცხადებდა, რომ ხიდებზე ასვლა-ჩამოსვლა მოუხერხებელია, არ არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის, ზოგიერთი კი საერთოდაც უფუნქციოა.



წყარო: ნეტგაზეთი
Print