"რა ვიცი, უბედური ვარ"- ქალმა საუბარი ასე დაიწყო
რა პერიოდიდან გახსოვს შენი ბავშვობა?

"რა ვიცი, 16 წლის რომ ვიყავი, ტელეფონით გავიცანი ბიჭი და ცოლად გავყევი ძალიან უბედური ვიყავი ..."


ასე დაიწყო დიალოგი 26 წლის ფერიდესთან, რომელიც აჭარიდან დეიდასთან სტუმრად მარნეულში ჩამოვიდა.

საკმაოდ ძნელი მოსაძებნია მარნეულში ქალი/გოგონა, რომელიც საკუთარი ადრეული ქორწინების ისტორიას სახის დაფარვიs, სახელის ან გვარის იდენტიფიკაციის გარეშეც მოგიყვებოდა.

ძნელია მოძებნო იმ სტატისტიკური მონაცემების შემქნელები და გაიგო თუ რატომ აქვს მას მიღებული ეს გადაწყვეტილება, ან რატომ გადაადგმევინეს ეს ნაბიჯი.

ფერიდემ სკოლა მეხუთე კლასით დაასრულა. კითხვაზე „რატომ“ ? - პასუხი „რავიცით“ იწყება.

„რა ვიცი, დიდი გაჭირვებაში ვცხოვრობდით, წიგნებს ვერ ვყიდულობდით, ტანსაცმელი არ მქონდა. სკოლაში სულ დამცინოდნენ“- ამბობს ფერიდე

ჩვენი საუბარი დიდხანს გაგრძელდა. ლაპარაკის დროს  გაირკვა, რომ ფერიდეს დედა მეორედ გათხოვდა , როდესაც გოგონა 6 წლის იყო.  მას კი მამინაცვალთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

„მცემდა. არ ვუყვარდი. აბა ვის ეყვარება სხვისი ბაღანა“ - ამბობს ფერიდე

ფერიდეს პატარაობიდანვე მხოლოდ უბედურება და გაჭირვება ახსოვს. ძნელად, მაგრამ მაინც გაიხსენა, რომ ბავშვობაში ბურთით თამაშობდა. საუბარი კი საკუთარი გათხოვების ისტორიაზე გადმოჰქონდა.

„ გავიპარეთ. ჩემი პირველი მეუღლე 17 წლის იყო. ერთ წელიწადში ჯარში წავიდა შვილი არ გვეყოლა და დედამთილ მამამთილი სულ მსაყვედურობდნენ. ექიმთანაც ვიყავით. შვილი რომ არ გყვავდა, ჩემი ბრალი არ იყო. ძალიან უბედური ვიყავი. ქმარი ჯარიდან ორ წელიწადში დაბრუნდა და სახლში გამიშვა - აღარ მინდიხარო - რა ვიცი...“

ფერიდეს სახლში დაბრუნება მოუწია. მამინაცვალთან კვლავ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. სამუშაოდ ჩაიზე თურქეთში დადიოდა. კითხვაზე, ნაშრომი ფული რაში დახარჯა ვერ გაიხსენა. ისევ "რავიცით“ დაიწყო და უცებ გაახსენდა, რომ ტანსაცმელი იყიდა.

ოთხ წელიწადში ფერიდე ცოლს გაშორებულ, შვილიან კაცზე გაათხოვეს.

„მის შვილს ისე ვუვლიდი თითქოს ჩემი იყო. ქმარმა კი სახლიდან გამაგდო. ძალიან უბედური ვარ, იქნებ დამეხმაროთ“.

ფერიდე მეორე ქორწინებაში ორი წელი იყო. მისმა მეორე ქმარმა ცოლი სახლიდან გააგდო და პატარა შვილით დარჩა. მის მეუღლეს ფერიდეს თქმით, საყვარლები ჰყავდა , მაგრამ ფერიდესთან დაშორეის შემდეგ, პირველ ცოლს შეურიგდა.

ფერიდე 26 წლისაა, თუმცა თუ დაინახავთ შედარებით პატარა გეგონებათ. შესაძლოა ისიც კი იფიქროთ, რომ 15-16 წლისაა. პატარა ხელები, ვარდისფერი ფერგადასული მანიკური, წაბლისფერი შეკრული თმა.

სკოლაში ერთი ბიჭი სწავლობდა. ფერიდეს უნდოდა რომ მისნაირი ყოფილიყო. მისნაირი როგორ? - ვიკითხე.

ქერა, ლურჯთვალება. მახსოვს ყველა საგანს კარგად სწავლობთა“.. თუმცა თვითონ რომელი საგანი უყვარდა ფერიდემ ვერ გაიხსენა. „ სკოლა დაასრულა და ბათუმში სასაზღვროზე ისწავლა. მეც ვისწავლიდი, მაგრამ ისეთი უბედური ვიყავი და გაჭირვებული“- ამბობს ნერვიული ღიმილით ფერიდე.

ოთახში, სადაც ვისხედით ორი რკინის ლოგინი იდგა. გახუნებული ძველი პლედები ჰქონდა გადაფარებული. შუა ოთახში ბუზების წებოვან ქაღალდზე ასობით ბუზი ეკიდა. იატაკს კი ძველი ლინოლიუმი ძლივსღა შემორჩენოდა.

ფერიდე ინტერვიუს დროს ყოველ მეორე სიტყვაში დახმარებას ითხოვს. უფრო ფინანსურ დახმარებას ელოდება.

ამ ხანგრძლივ საუბარში ფერიდე კვლავ გაუცხოებულად იღიმის, პატარა ხელებით სახეს იფარავს და ამბობს

მე პატარა რვა თვის ბავშვი მომიკვდა“

აქ ირკვევა, რომ ფერიდეს მეორე ქორწინებაში მკურნალობის შემდეგ შვილი ეყოლა.
ზამთარში ვირური დედისგან გადაედო (დეტალებს არ ყვება) და ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვის გარდაცვალებიდან ორ თვეში მეუღლემ სახლიდან გააგდო და პირველ ცოლს დაუბრუნდა. ფერიდე კვლავ სახლში დაბრუნდა. მამინაცვალს მისი დაბრუნება არ სურს.

ამის შემდეგ გათხოვებაზე აღარ ვფიქრობ“ - ამბობს ფერიდე

კითხვაზე, თუ რას გეგმავს სამომავლოდ, ფერიდე კვლავ პატარა ხელებით იმალავს სახეს და ტრადიციული "არვიცით"
ამთავრებს საუბარს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები