გარდაბნელი მასწავლებელი ადრეულ ასაკში ქორწინების გაპროტესტების გამო დააბულინგეს
გარდაბნელი მასწავლებელი, ნაადრევი ქორწინების გაპროტესტების გამო, საჯაროდ დააბულინგეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთ-ერთი კურსდამთავრებულის გათხოვება გააპროტესტა და გოგონას მამას შვილისათვის მიცემულუ განათლების გაგრძელების პირობა შეახსენა, სოფლის მოსახლეობამ ის საჯაროდ გააკრიტიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საჯარო ბულინგის ამსახველი ვიდეომასალა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადაიღო და გეოგრაფიის მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოითხოვს მოსახლეობა მასწავლებლისაგან საჯარო ბოდიშს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ვიდეოში ასევე ჩანს, თუ როგორ გაიწია ერთ-ერთმა პირმა მასწავლებლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად, მაგრამ ის მოსახლეობამ შეაჩერა.

ტელეკომპანიის ცნობით, გეოგრაფიის მასწავლებელი ამჟამად გარდაბნის პოლიციაში იმყოფება და მისთვის უცნობია თუ რატომ დაიბარეს.




Print