ივანიშვილის სახლთან სროლა იყო, გამოძიება დაიწყო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან სოლოლაკში, სადაც ოპოზიციის აქცია იმართება, გასროლის ხმა გაიგეს, ნაპოვნია ჰილზები.

“იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ქვევით ვაპროტესტებით, გავიგონეთ ხუთამდე გასროლა, მაგრამ არ ვიყავით დარწმუნებული, ეს იყო მაშხალა თუ ცეცხლსასროლი ირაღი. გამოვემართეთ სადაც ხმა შემოგვესმა, მათ შორის, ჟურნალისტები და ჰილზები ვიპოვეთ. ფეხით რომ ყოფილიყო, დავინახავდით. როგორც ჩანს, მანქანით ჩაიარა და ჩვენს დასაშინებლად გაისროლა”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ბესო გაზდელიანმა “ტვ პირველთან” საუბარში.

აქციის სხვა მონაწილე ამბობს, რომ დაინახა, როგორ ისროლეს თეთრი ფერის “ტოიტოა ქამრიდან”, რომელსაც შუშები დაბურული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.

წყარო: ნეტგაზეთი
Print