რა პროცედურები უნდა გაიარონ თვითდასაქმებულებმა 300 ლარიანი დახმარების მისაღებად
საქართველოს მოქალაქეებს რომელთაც, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა დღეიდან, 3 დეკემბრიდან, შეეძლებათ.

ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველებმა საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

„კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება“.
- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში

მოქალაქეებს დახმარების მისაღებად პირველადი განაცხადის წარდგენა 3-დან 24 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. მათ 28 დეკემბრამდე შესაძლებლობა ექნებათ, რომ წარდგენილი ინფომრაცია დააზუსტონ.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“
- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში


რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ პირებს კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადებების შევსებაში სახელმწიფო უწყებები არ დაეხმარებიან. დახმარებების პირველი პაკეტის დროს უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას რეგისტრაციის გავლაში მარნეულის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში არეგისტრირებდნენ, მაგრამ ახლა რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებისათვის რეგისტრაციის გავლაში დახმარება არ ევალება მარნეულის მერიასაც.

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ქართულ ენაზეა შესაძლებელი.

მოქალაქეებმა რეგისტრაციის გავლისათვის შემდეგი ეტაპები უნდა გაიარონ:

პირველ რიგში, თვითდასაქმებული უნდა შევიდეს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე Rs.ge;

საიტზე შესვლისას ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ფანჯარა წარწერით „სისტემაში შესვალა“, საიდანაც თვითდასაქმებული გადავა ავტორიზებულ გვერდზე.

თვითდასაქმებული ავტორიზებულ გვერდზე გადასვლისას უნდა შევიდეს განცხადებების წარდგენის განყოფილებაში და განცხადების შაბლონად უნდა აირჩიოს „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (covid19)“.

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი და დასაქმების სახე (დასაქმებული ან არარეგისტრირებული თვითდასაქმებული)
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები