11 წლის გოგოს შესაძლო ნიშნობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ფონიჭალაში 11 წლის გოგოს სავარაუდო დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 7 თებერვალს სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი გოგონას და ბიჭის სავარაუდო ნიშნობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა. ვიდეოსა და სურათებში ჩანს თუ როგორ უკეთებენ 11 წლის გოგოს ბეჭედს და ტრადიციისამებრ, ნიშნობის აღსანიშნად, ტკბილ ჩიაის სვამენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.“ - აცხადებს შსს

არასრულწლოვანი გოგოს დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურნენ მარნეულელი აქტივისტები. სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად ადრეულ ასაკში ქორწინების თემის მრავალი განხილვისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება.

„ასეთ მოვლენებს ვგმობთ. ხშირ შემთხვევაში პირები, ვინც ადრეულ ასაკში ქორწინდებას აიძულებენ, თავადაც ნანობენ და გმობენ ამას. ამბობენ, რომ თავადაც იძულებულნი გახდნენ ეს ნაბიჯი გადაედგათ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებები შევიდა არასამთავრობო სექტორი ამ საკითხით კიდევ უფრო დაინტერესდა. მაგრამ ეს შემთხვევა, რაც დღეს გავიგეთ, ნამდვილად პიკია. ადრეც ხდებიოდა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ასე მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ არ მომხდარა და ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა“

ბაირამოვას განცხადებით, კანონმდებლობაში ადრეულ ასაკში ნიშნობასთან დაკავშირებით ჩანაწერები არაა და ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს.

რადიო „მარნეულს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ნიშნობის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყეს. სახალხო დამცველი შემთხვევის სხვა დეტალებზე, ამ ეტაპზე, არ საუბრობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები