„საქართველოში კვლავ ხშირია ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა“ - ომბუდსმენი 11 წლის გოგოს სავარაუდო დანიშვნაზე
11 წლის გოგოს სავარაუდო დანიშვნის ფაქტს საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათმა რწმუნებულებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობეს სამართალდამცავ უწყებებს.

„სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს“. - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში

სახალხო დამცველი სამართალდამცავ და ბავშვზე ზრუნვის ორგანოებს მოუწოდებს, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა და ასევე, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

7 თებერვალს სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი გოგონას და ბიჭის სავარაუდო ნიშნობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა. ვიდეოსა და სურათებში ჩანს თუ როგორ უკეთებენ 11 წლის გოგოს ბეჭედს და ტრადიციისამებრ, ნიშნობის აღსანიშნად, ტკბილ ჩიაის სვამენ.

სავარაუდო ნიშნობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები