ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმეების ჩვენებები სამართალდამცველებმა შეცვალეს
4 თებერვალს მარნეულის რაიონის სოფელ ბეგლიარში 20 წლის ბიჭმა ორი
თანასოფლელი ჩხუბის დროს დაჭრა.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და დაიკითხა მოწმეებიც.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109
მუხლით დაიწყო, რაც ორი პირის განძრახ მკვლელობის მცდელობას
გულისხმობს.
ორი თანასოფლელის განძრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული
ახალგაზრდის ადვოკატი ალი ბადიროვი აცხადებს, რომ გამოძიებამ
საქმესთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებები შეცვალა რათა მისი დაცვის
ქვეშ მყოფის ბრალდება დამძიმებულიყო.
„ამ საქმეში აშკარად გამოიკვეთა, რომ მოწმეებს არ უთქვამთ
ის, რაც გამოძიებას გამოკითხვის ოქმებში უწერიათ. შეკერილი აქვთ
საქმე, რომ თითქოსდა მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობითაა სამქ აღძრული და 20
წლის ბავშვს ამათი არასამართლიანი ქმედებების შესაბამისად ემუქრება
16-დან 20 წლამდე პატიმრობა. მოწმეები თავადაც უკმაყოფილებას
გამოთქვავენ გამოკითხვის ოქმებთან დაკავშირებით და იფიცებიან,
ამტკიცებენ, ირწმუნებიან, რომ არ უთქვამთ ისეთი რაღაცეები, რაც
გამოძიებას უწერია. სწორედ ამიტომ მათ აქვთ შენიშვნები“
- განაცხადა ალი ბადიროვმა
გამოკითხვის ოქმებში აღნიშნულია, რომ მოწმეებმა დაინახეს, თუ როგორ
დაჭრა 20 წლის ახაალგაზრდამ ორი თანასოფლელი. ხოლო დღეს მოწმეების
მიერ პოლიციაში შეტანილი განცხადების მიხედვით ისინი ამბობენ, რომ არ
უთქვამთ შემდეგი სიტყვები: „ი-ზე პირველი დარტყმის შემდეგ ჯ არ
გაჩერებულა და მან გ-ს მიაყენა რამდენიმე ჭრილობა სხეულზე, ჯ არ
ჩერდებოდა, მისთვის საშუალება რომ მიგვეცა ის აუცილებლად მოკლავდა
რომელიმეს“.
საქმის მოწმემ ელვინ გახრამანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა,
რომ გამოძიებისთვის აღნიშნული სახის ჩვენება არ მიუცია. აცხადებს, რომ
შემთხვევის დროს სიბნელე იყო და დაპირისპირების ფაქტი კარგად ვერ
დაინახა.
„უკმაყოფილო ვარ იმით რაც გამოკითხვის ოქმში წერია და
მინდა რომ თავიდან გამომკითხონ. რეალურად მე იქ არაფერი მინახავს,
სიბნელე იყო“ - გვითხრა ელვინ გახრამანოვმა
საქმის ორმა მოწმემ გამოძიებას დღეს, 12 მარტს, განცხადებით მიმართა.
ისინი გამოკითხვის ოქმში ცვლილებას და საჭიროების შემთხვევაში თავიდან
დაკითხვას ითხოვენ.
ალი ბადიროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მის
დაცვის ქვეშ მყოფს თანასოფლელების მკვლელობის განზრახვა არ
ჰქონია.
„ჩხუბის, კონფლიქტის დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, მისი
თქმით აუცილებელი მოგერიების პირობებში, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ
მოჩვენებითი აუცილებელი მოგერიება ყოფილიყო, თავი დაიცვა და თავდაცვის
მომენტში ორი ადამიანი დანით დაჭრა. ეს ჭრილობა იყო ძალიან რბილი,
ორივე მათგანი ჯანმრთელად არიან და სახლში იმყოფებიან, მაგრამ პოლიცია
ამ ფაქტს 20 წლის ბავშვის ცხოვრების გასანადგურებლად
იყენებს“ - განაცხადა ალი ბადიროვმა
ბადიროვის განმარტებით, მოწმეების ჩვენებებში ისეთი ფაქტობრივი
გარემოებების არსებობა, რაც მათ არ უთქვამთ სამი ფაქტორით შეიძლება
იყოს განპირობებული. პირველი, ეს არის პროკურატურის ბრალი, რათა მათ
სასამრთლოში ისეთი საქმე წარედგინათ, რომელიც მძიმე დანაშაულს
მოიცავდა, მეორე არის გამოძიების ბრალი, ხოლო მესამე ესაა თარჯიმნის
ბრალი.
ბადიროვის თქმით, დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა მოწმეების მიერ
ჩვენებების დაზუსტების შემდგომ ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლაა,
რადგან მოწმეების ნათქვამიდან გამომდინარე საქმეში არ ჩანს, რომ მისი
დაცვის ქვეშ მყოფს ორი თანასოფლელის განზრახ მკვლელობა ჰქონდა
გამიზნული.
რადიო „მარნეული“