გარდაბანში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 750 დოზა შეიტანეს
დღეს, 17 მარტს, გარდაბანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს. როგორც ამავე სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნონა ასათიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, დღეს ვაქცინაცია 10 ადამიანს ჩაუტარდა.

„გარდაბნის დაავადებათა კონტროლის ცენტრში 750 ერთეული ვაქცინაა შესული, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენს სამედიცინო ცენტრში 100 ვაქცინაა შემოტანილი. ეტაპობრივად დანარჩენი ვაქცინებიც ჩვენს კლინიკაში შემოვა, რადგან ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება ვართ, სადაც გარდაბანში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინის გაკეთება შეეძლება“ - გვითხრა ნონა ასათიანმა

გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ დღეს ვაქცინა გაუკეთდა ამავე კლინიკის 5 ექიმს, 3 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელსა და ორ სოფლის ექიმს.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა, 13 მარტს შემოვიდა. 15 მარტს, ვაქცინაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაიწყო.

პირველ ეტაპზე ვაქცინის მიღება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს შეუძლიათ, რომლებიც სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ.

Print