გარდაბნის მერიამ რამადანის მისალოცი პოსტი გუშინდელი თარიღით ატვირთა
13 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმ თემს რამადანის დღესასწაული არ მიულოცა. მერიის უყურადღებობის გამო განაწყენებულმა გარდაბნელებმა სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია წამოიწყეს და გარდაბნის მერიას რამადანი თავად მიულოცეს და მადლობაც გადაუხადეს.

დღეს, 14 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ რამადანის მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა, მაგრამ გამოქვეყნების თარიღი შეუცვალა. პოსტი მერიამ 14 მაისს 14:12 საათზე გამოაქვეყნა, მაგრამ გამოქვეყნების თარიღში მიუთითა, რომ პოსტი 13 მაისს 10:00 საათზე გამოაქვეყნა.

გარდაბნის მერიის მიერ რამადანის დაგვიანებით მილოცვას სოციალურ ქსელში მოსახლეობა გამოეხმაურა. მათი ნაწილი მერიას დაგვიანებით მილოცვისათვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს.

„გილოცავთ რამადანს და მადლობას გიხდით მოქალაქეებისათვის ყურადღების თანაბარი „გადანაწილებისათვის“ - უკვე მეორე დღეა რაც საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამ შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ და ადგილობრივი თვითმმართველობებისაგან რეაგირებას ელიან.

გუშინ, 13 მაისს, მუსლიმური სამყარო რამადანის დღესასწაულს აღნიშნავდა. რამადანის მისალოცი პოსტები საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების უმეტესობას არ გამოუქვეყნებია.

თვითმმართველობების მიერ რამადანის არმილოცვას პლატფორმა „სალამი“ განცხადებით გამოეხმაურა. „სალამის“ განცხადებით, ადგილობრივ დონეზე მოლოცვის არ ასებობა ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ თვითმმართველობებს მუსლიმი თემის მიმართ და როგორ არიან ისინი გარიყულები თვითმმართველობის მუშაობიდან. „სალამი“ ასევე აცხადებს, რომ რამაზანის თვეში სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, ყადირის ღამით კომენდანტის საათის გადაწევა, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აღდგომის დღესასწაულთან მიმართებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები