"ხელისუფლება ხელოვნურად ინარჩუნებდა რეჟიმს, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მოერგო შეზღუდვები" - გიორგი მშვენიერაძე
220 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეებს საღამოს საათებში გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში „კომენდანტის საათის“ შემოღების შესახებ დადგენილება 2020 წლის 7 ნოემბერს მიიღო., გადაწყვეტილება ძალაში 9 ნოემბერს შევიდა. ეს უკვე გადაადგილების შეზღუდვის მეორე ფაქტია. პირველად კომენდანტის საათი 2020 წლის 31 მარტს დაწესდა და 23 მაისს მოიხსნა. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად მოქალაქეებს რამდენიმე თვეა აკრძალული აქვთ მასშტაბური თავშეყრა, ქორწილების და სხვა დღესასწაულების აღნიშვნა, რასაც ასევე პირბადის სავალდებულო ტარებაც ემატება.

ლახავს თუ არა ადამიანის უფლებებს „კომენდანტის საათი“ , აქვს თუ არა სახელმწიფოს ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლება და რამდენად დაიცვა მთავრობამ ადამიანის უფლებები კორონავირუსის დროს? - რადიო „მარნეულის“ ამ კითხვებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე პასუხობს

- ბატონო გიორგი, ნახევარ წელზე მეტია, რაც საქართველოში „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეებს, თავდაპირველად, საღამოს ცხრა საათიდან დილის 5 საათამდე არ შეეძლოთ გადაადგილება, ხოლო ახლა დრო შემცირდა საღამოს 11 საათიდან - დილის 4 საათამდე. საკმაოდ დიდი ხანია ადამიანებს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, თავისუფლება ეზღუდებათ. რამდენად სამართლიანია ეს შეზღუდვა?

-დავიწყოთ იმით, რომ არსებობს უფლებები, რომელიც აბსოლუტური ხასიათისაა და მათი შეზღუდვა არასდროს, არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება და არის რელატიური უფლებები რომელთა შეზღუდვაც შესაძლებელია. გადაადგილების თავისუფლება, ცხადია, ისეთ უფლებებს განეკუთნება, რომელიც, შესაძლოა, შეიზღუდოს. თუმცა, ესეთი შეზღუდვა ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, ანუ პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით. მნიშნველოვანია, რომ ასეთი შეზღუდვა ემსახურებოდეს საჯარო მიზნებს, ლეგიტიმურ მიზნებს და იყოს პროპორციული, ანუ გამოყენებული შეზღუდვა უნდა იყოს ნაკლებმზღუდავი და ამავდროულად საჯარო ინტერესი უნდა იყოს გაცილებით მაღალი ვიდრე კერძო ინტერესი, რომლის შეზღუდვაც ხდება. თუ ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვა, ჩვენ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ცხადია, რომ ე.წ. კომენდანტის საათს ხელისუფლება უძებნის ახსნას და მას აქვს ე.წ სოციალური კონტაქტების შემცირების ძალა, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება და ცხადია ამ ტიპის შეზღუდვის გამოყენების შესაძლებლობას კანონი იძლევა, მაგრამ ეს არაა კალსიკური გაგებით კომენდანტის საათი, როგორც ამას ვეძახით. ფაქტობრივად, ხელისუფლება რასაც აკეთებს, მისი შინაარსით ძალიან ჰგავს კომენდანტის საათს, თუმცა კომენდანტის საათის გამოცხადებისთვის აბსოლიტურად სხვა წესი და კანონია დადგენილი. ამიტომ, თუ შინაარსი ერთნაირია და ხელისუფლება ამის მიუხედავად სხვა ფორმით აკეთებს ამას, ამას გააჩნია პრობლემა.

მეორე ნაწილი ეს არის, რამდენად ჰქონდა ხელისუფლებას ნაკლებად მზღუდავი საშულაებების გამოყენების შესაძლებლობა, რომ იმავე მიზნისთვის მიეღწია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე ხელმისაწვდომია ვაქცინები და ვაქცინები ხელმისაწვდომია არა მარტო ბოლო ერთი კვირა, არამდე უკვე თვეებია, თუმცა ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევა ვერ გამოიჩინა განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, რომ ვაქცინაცია წარემართა ქვეყანაში, რომელიც სწორედ იმ საჭიროებას მოხსნიდა დღის წესრიგიდან, რასაც ე.წ კომენდანტის საათი ჰქვია. შესაბამისად, თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ, კერძოდ, ალტერნატიულ და ნაკლებმზღუდავ საშუალებებს ვერ უპირისპირებს კოვიდს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას, ამიტომაც ადამიანის უფლებების შეზღუდვა ხდება ამ ტესტის ფარგლებს მიღმა“.


- როდესაც ვსაუბრობთ კომენდანტის საათზე ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ შეზღუდვებზეც, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთანაა დაკავშირებული. კვლავ აკრძალულია ქორწილების, ქელეხებისა და ხალხმრავალი დღესასწაულების აღნიშვნა, შესაძლებელია ეს შეზღუდვები განვხილოთ როგორც ადამიანის უფლებების შელახვა?

„იგივე ლოგიკით მოგვიწევს აქაც რომ ვისაუბროთ, იმიტომ, , რომ საზოგადოებრივი თვაშეყრის შეზღუდვა, მათ შორის, დაკავშირებული ისეთ აქტივობებთან, როგორიცაა დღესასწაულები, ტრადიციული რიტუალები, არის იმავე პრინციპზე დაფუძნებული, რაზეც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ამიტომ აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფლებების შეზღუდვა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ხელისუფლებამ სხვა, ნაკლებმზღუდავისაშუალებები ეფექტიანად ვერ გამოიყენა, მათ შორის ვაქცინაცია“.

- სხვა შეზღუდვები, მათ შორის პირბადის სავალდებულო ტარება გარე სივრცეში, რამდენად შეიძლება განვიხილოთ ადამიანის უფლებების ჭრილში?

„ცხადია, რაღაცის დავალდებულება, რომ ადამიანმა ატაროს ესა თუ ის ნივთი, მათ შორის პირბადე, არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვასთან. ვგულისხმობ ადამიანის უფლებას, იაროს ისე როგორც უნდა და ეცვას ისე როგორც უნდა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ შემთხვევაშიც უნდა დავინახოთ სწორედ ის, თუ რა ლეგიტიმური მიზნები არსებობს და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ასევე, რომ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, თვეების განმავლობაში, ხელისუფლება აბსოლუტურად სამართლიანი საფუძვლის გარეშე აჯარიმებდა ადამიანებს, რადგანაც პირბადის ტარება სავალდებულო იყო შენობებში, ხოლო გარე გამოყენება არ იყო კანონით გათვალისწინებული. ამის გარდა არის სხვა პრობლემებიც, რომელიც ზოგადად კანონის აღსრულებასთანაა დაკავშირებული. ესაა ის, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილს გააჩნია პრობლემები ისეთ პრინციპებთან შესაბამისობის კუთხით, როგორიცა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რადგანაც მხოლოდ პარლამენტს აქვს უფლება კანონის მეშვეობით დააწესოს ჩარევები ადამიანის უფლებათა სფეროში, ხოლო ჩვენს მოცემულობაში, ასეთი უფლებამოსილების დელეგირება პარლამენტმა მოახდინა საქართველოს მთავრობაზე. ზოგადად, დელეგირებული კანონმდებლობა, ანუ კანონქვემდებარე აქტები უნდა იყოს შეზღუდული კანონით, ანუ კანონი უნდა ადგენდეს მათი მოქმედების ფარგლებს და ამის საპირისპიროდ ძალიან ფართო დისკრეცია გადასცა პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას კოვიდ სიტუაციებთან დაკავშირებით. ეს საქმეები იყო წაღებული საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სხვაგვარად დაინახა ეს პროცესი რითაც მინიმუმ შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტები ქვევით დაწია“.

- ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, 2020 წელს კორონავირუსის პირველი შემთხვევვების დადასტურებისას მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები რამდენიმე კვირით ჩაკეტეს. მოქალაქეებს არ ჰქონდათ მუნიციპალიტეტში შემოსვლის, ან გასვლის შესაძლებლობა. არის თუ არა ეს ფაქტი ადამიანის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა?

„ცხადია, ეს იყო ადამიანის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. აქ ბევრად საინტერესოა რატომ გახდა ამ ორი მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა აუცილებელი, როცა ანალოგიურად არ უმოქმედია ხელისუფლებას სხვა ქალაქებთან მიმართებაში. ამის მიზეზი ხომ არ იყო რაიმე, მათ შორის, ქსენოფობიური მოტივები, თუმცა ამას სჭირდება უფრო საფუძვლიანი დასაბუთება და ხელისუფლებას უფრო ცხადი პასუხები უნდა გაეცა, თუ რატომ იმოქმედა მან ასე ამ ტერიტორიულ ერთეულებთან მიმართებაში და რატომ არ მოქმდედებდა, მაგალითად, ბათუმთან მიმართებაში იმავე ლოგიკით, იმიტომ, რომ პრობლემა არანაკლები სახის იყო ბათუმში. ჩვენ ესეთი ცხადი განმარტება ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია, რაც, ბუნებრივია, აღრმავებს ეჭვებს, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო განპირობებული იმ განწყობებით, რომ ამ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ“.

- აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამრთლოში გიორგი ჭაუჭიძის მიმდინარე საქმეა და დავის საგანი სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გამო, პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაა. რას ფიქრობთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო?

„ძნელია პროგნოზის გაკეთება, იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამრთლომ წინა გადაწყვეტილებებში, რომელიც თებერვალში მიიღო და დაკავშირებულია კოვიდრეგულაციებთან, არც თუ მაღალი სტანდარტის დაწესება შეძლო და ამან, ბუნებრივია, დაღი დაასვა ადამიანის უფლებებს, ამიტომ წინასწარ გამიჭირდება რაიმეს თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“.

- როგორც ვიცით მარნეულის ჩაკეტვის დროს მუნიციპალიტეტში მასშტაბური აქციებიც იმართებოდა. მოსახლეობა მარნეულის გახსნას ითხოვდა, რადგან პროდუქტების რეალიზაციას ვერ ახდენდნენ, ასევე აქციები იმართებოდა თბილისშიც. რას ფიქრობთ, რამდენად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები?

„აქ ორად უნდა გავყოთ საკითხი. ერთი, ჩვენ გვესმის რომ ადამიანების თავყრილობა და შეკრება ზოგადად რისკია კოვიდსიტუაციის კუთხით, თუმცა ხელისუფლებას ერთგვარად გაუტკბა ასეთი შეზღუდვების დიდი ხნით მოქმედება და ამას აქტიურად იყენებდა პროტესტის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვხედავდით იმას, რომ ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნურად ინარჩუნებდა ამ რეჟიმს, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მოერგო გარკვეული შეზღუდვები, ეს იყო რეალობა, რომელიც ყველამ ვნახეთ ჩვენი თვალით“.

- მიუხედავად იმისა, რომ 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა ნებისმიერ სივრცეში აკრძზალული იყო, არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრების ჩატარება შეეძლოთ, არის თუ არა ეს სამართლიანი მიდგომა.

„პოლიტიკური გამოხატვა არის ყველაზე მაღალი სტანდარტით დაცული გამოხატვა, ამიტომაც ესეთი გამოხატვის დაცვა, ცხადია, უფრო მნიშვნელოვანია და წინა ფლანგზე დგას. ამიტომ პრიორიტეტიზაციას თუ ვახდენთ, ეგეთი პრიორიტატიზაცია ზოგადად არსებობს. თუმცა პოლიტიკური გამოხატვა არა მარტო ისაა როცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ვხვდებით, არამედ პოლიტიკური გამოხატვა შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოქალაქეების პროცესი ამიტომ ასეთი გამოხატვა უნდა იყოს თანაბრად დაცული, თანაბრად მნიშვნელოვანი“.

- სად გვქონდა ყველაზე დიდი „ჩავარდნა“ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით პანდემიის დროს?

„ჩავარდნა არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია, მაგრამ არის არაერთი კვლევა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება პანდემიას, შექმნილ მდგომარეობას, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა შეზღუდვები და გამოეყენებინა პოლიტიკურად მის სასარგებლოდ. ესე ცალკე გამოყოფა ძნელია, მაგრამ ერთი შეხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ცუდი არის, რომ ზოგადად პანდემია არადემოკრატიული, ავტორიტარული, ხელისუფლების პირობებში იქცა კარგ საშუალებად, რომ ამით გაემართლებინათ ადამიანის უფლებათა შეზღუდვები და ჩვენი ხელისუფლებაც, სამწუხაროდ, იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, რომელმაც ასეთ ცდუნებას ვერ გაუძლო“.

- ასეთ არასტანდარტულ ვითარებაში, როდესაც სასწორის ერთ მხარესაა ჯანმრთელობა და ადმიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლება, როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ „ოქროს შუალედის“ პოვნა, რომ არც ერთი სიკეთე არ დაზარალდეს?

„ეს არ არის რაღაც თეორიული საკითხები მხოლოდ, ეს საკითხები გადაწყვეტილია არაერთხელ. ეს არის ინტერესთა დაბალანსება, ესე ჰქვია მას სამართლის ენაზე და დიახ, დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს სისტემები რომლებიც იძლევა ინტერესთა დაბალანსების საშუალებას ანუ ერთი მხირვ, რომ არ იყოს უგულვებელყოფილი ადამიანთა საჯარო ინტერესი, საზოგადოების საჯარო ინტერესი, რომ თავიდან იქნეს აცილებული კოვიდ პანდემია და მისი უარყოფითი შედეგები და საფრთხეები და მეორე მხრივ, იმაზე მეტად არ მოხდეს ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ვიდრე ეს სწორედ ამ ბრძოლაშია საჭირო“.

- რამდენად გაართვა საქართველომ თავი ამ დავალებას?

„რა ვიცი, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ. ერთი მხრივ ნახოთ თუ რა მდგომარეობა გვაქვს, თუმდაც დღეს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუნდაც დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა, როგორია გავრცელების მაჩვენებელი, რამდენია აცრილი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მდგომარეობაშია ეკონომიკა და როგორ მდგომარეობაშია ადმიანის უფლებები. შევადაროთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და სხვა ქვეყნების მოცემულობებს. არამგონია რომ სახარბიელო მდგომარეობა გვქონდეს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ მაჩვენებლებით იმ ქვეყნებთან შედარებით, რომელსაც საკუთარ თავს ვადარებთ, ხოლმე“.

18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 357 591 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 671 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა. კორონავირუსის შედეგად საქართველოში 5 131 ადამინი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 225 666 ადამიანმა გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის მოიხსნება შეზღუდვები გადაადგილებასა და მასშტაბურ თავშეყრებთან დაკავშირებით. იმუნოლოგები და ჯანდაცვის სამინისტორს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების კლებაზეა დამოკიდებული.

რადიო „მარნეული“

Print