შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ბათუმში უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს: 1996 წელს დაბადებულ ჰ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ბ.ი.-ს, 2002 წელს დაბადებულ ი.ჩ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ჩ.ჩ.-ს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება. ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1964 წელს დაბადებულ ი.შ.-ს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.

დანაშაულები 3-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ - ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.შ. ახორციელებდა.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.


წყარო: police.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები