მკვლელობა ქალთან არასასურველი კომუნიკაციის გამო
მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა.

არსებული ინფრომაციით, მოკლულმა 17 სექტემბერს მის მეზობლად, სოფელ იფნარში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთან არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა. კერძოდ, მან მკვლელობის წინა დღეს, ქალს ნომერი სთხოვა, რის შესახებაც ქალმა მარნეულში მცხოვრებ მის ძმებს აცნობა.

შემთხვევიდან მეორე დღეს, ქალის ძმებმა ახალგაზრდა კაცი მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებული ფერმის შენობაში ხელებით და ფეხებით სასტიკად სცემეს, გაკოჭეს, სხვა სოფელში წაიყვანეს, სამშენებლო ბლოკები მოაბეს და არხში გადაადგეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ო.გ.-მ და ო.ტ.-მ, მათი დის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდლობის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი თოკით შეუკრეს და ავტომანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც წყლის არხში ჩააგდეს. აღნიშნული პირების ქმედების შედეგად ჯ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მოკლული ჯავიდ ჩოვდაროვის ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზად სხვა ვერსიას ასახელებდნენ. მათი თქმით, ჯავიდ ჩოვდაროვი მიკროავტობუსის მძღოლი იყო და ქალს მგზავრობის თანხის დავალიანების გადახდა მოსთხოვა და სწორედ ამის გამო მოხდა სასტიკი მკვლელობა.

წყარო: ინფო რუსთავი
Print