შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
13:32 / 05.10.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, იმერეთსა და ქვემო ქართლში,
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს,
- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2
პირი: 1985 წელს დაბადებულ მ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მ.ყ.-ის
ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი
იარაღი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება ვ.გ.-ს, იგი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას
შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების
სახით ამოიღო „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 6 ვაზნით.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.