ვირუსი და ომი - საქართველოს მოსაზღვრე სომხური ქალაქის ეკონომიკური პრობლემების მიზეზები
ალავერდი, ქალაქი სომხეთში, რომელიც მარნეულიდან ორი საათის სავალზე მდებარეობს მარნეულელების უმეტესობისათვის კარგად ნაცნობია. მრავალი წლის განმავლობაში ალავერდსა და მარნეულს შორის, ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში, აქტიური სავაჭრო მიმოსვლა ხორციელდებოდა.

ორი საზღვრისპირა ქალაქი ერთმანეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც ინარჩუნებდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ და ყარაბაღის მეორე ომმა სიტუაცია შეცვალა. კორონავირუსის გავრცელების გამო საზღვრები ჩაიკეტა და მოსახლეობას სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთში გადასვლა გაურთულდა.

რადიო „მარნეული“ იმყოფებოდა ალავერდში, სადაც მოსახლეობა ეკონომიკურ, სოციალურ და საყოფაცხოვრბო პრობლემებზე საუბრობს. ბაზრის მოვაჭრეები ერთხმად აცხადებენ, რომ ფასები ყველაფერზე გაიზარდა.

„ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ხალხი არაა რომ რამე იყიდოს. ფასები გაზრდილია და ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. არ ვიცი რატომაა ასე, კორონავირუსის და ომის ბრალიც იქნება“. - გვითხრა ალავერდის ბაზრის მოვაჭრე არმენუგი აპოვიანმა
არმენუგი აპოვიანი
„აქ ბევრი პრობლემაა, ძალიან ცუდია, რადგან აქ სამუშაო არ არის, ქარხნები არ არის. საკვების ფასები აქ ძალიან მაღალია, შედით სუპერმარკეტში და იკითხეთ ფასები. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ქარხნები არ მუშაობს, ხალხი მშიერია. ყველაფერი ძვირია, ორი წლის წინ მანდარინი 300-400 დრამი ღირდა, ახლა 600-700-ია ძალიან ძვირია. თუ მარნეული ღიაა კარგად ვცხოვრობთ, როცა დახურულია ცუდად ვცხოვრობთ. მარნეულში ყველაფერი იაფია, ახლა კი ვირუსის გამო დაკეტილია“. - გვიყვება კიდევ ერთი მოვაჭრე სუსანნა
სუსანა
მოვაჭრეების მსგავსად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე რადიო „მარნეულთან“ სხვა ალავერდელებიც საუბრობენ.
ალავერდის ბაზარი
ალავერდი მდინარე დებედას ვიწრო ხეობაში მდებარეობს და ცნობილია როგორც სომხეთის სპილენძის წარმოების ცენტრი, მაგრამ ორი წლის წინ სპილენძის მწარმოებელი ქარხანა დაიხურა, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა.

„ალავერდში უფრო მეტად სამუშაო ადგილის პრობლემაა, ძირითადად სიღარიბის. საზღვრების ჩაკეტვა გარკვეულწილად პრობლემაა, გარკვეულწილად არა, რადგან თუ ეკონომიკას გადავხედავთ, საზღვარგარეთიდან პროდუქცია ისედაც არ შემოდიოდა, ადგილობრივი პროდუქტი უკეთ და უფრო იაფად იყიდება, მაგრამ ჩაკეტვის გამო ფასების პრობლემაც შეიქმნა, ფასები ძვირდება.
კორონავირუსის შემდეგ ვითარება გართულდა, დაიხურა მრავალი სამუშაო ადგილი, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და ცხოვრება გართულდა. რეგიონებში ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული, ყველაფერი ძირითადად ერევანშია კონცენტრირებული“.
- გვიყვება ალავერდელი სარგის აბოვიანი
სარგის აბოვიანი
სათემო მობილიზაციის და თანამონაწილეობის ცენტრი ალავერდში 2009 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია მუშაობს გარემოსდაცვითი, სამთო-მომპოვებელი საქმიანობის მონიტორინგის, სოციალურ საკითხებსა და ადვოკატირებაზე. ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ დულგარიანი აცხადებს, რომ ალავერდის მოსახლეობის მთავარ შემოსავლის წყარო ლითონის შენადნობი საწარმო იყო.
ალავერდის ლითონის შემდუღებელი საწარმო
ლითონის შენადნობი საწარმო აღარ მუშაობს, რის გამოც მოსახლეობისათვის ახლა შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მიწოდებაა საჭირო.

„გარდა სამთო მრეწველობისა, ალავერდის რაიონი ითვლება ტურისტულად აქტიურ ზონად ვინაიდან ჩვენთან ბევრი ისტორიული ძეგლია. რა თქმა უნდა, კორონაივრუსამდე ტურისტების დიდი შემოდინება იყო, რაც კორონავირუსის შემდეგ სრულიად შეწყდა. კარგია, რომ ნელ-ნელა ვითარდება შიდა ტურიზმი და ერევნიდან ან სხვა დიდი ქალაქებიდან აქ ჩამოდიან დასასვენებლად, მაგრამ ამას არ აქვს ისეთივე ეფექტი, როგორიც საერთაშოირისო ტურიზმის პირობებშია. რაც შეეხება ეკონომიკაზე ომის გავლენას, ომმა პირველ რიგში ეკონომიკაზე მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მოახდინა გავლენა. ომის შემდეგ ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ თავიანთი სამოქალაქო ვალდებულებების შესრულება და მწყობრში დაბრუნება, მაგრამ ბოლო პერიოდში იგრძნობა, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო ცდილობს შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებზე ფიქრს“.
ოლეგ დულგარიანი
ალავერდი სომხეთის ერთადერთი რეგიონი არაა, რომელიც კორონავირუსისა და ყარაბაღის ომის გამო ეკონომიკურად დაზიანდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორმა, პროფესორმა და კვლევითი ცენტრის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა თათულ მანასერიანმა განაცხადა, რომ ომმა ნეგატიური გავლენა მთლიან სომხეთზე მოახდინა.

„როგორც ექსპერტისათვის ცოტა რთულია ავღწერო თუ როგორი იყო ომის გავლენა. რა თქმა უნდა ნეგატიური იყო, ტერიტორიები იყო ოკუპირებული და ქვეყანამ დაკარგა არწახი, ბუნებრივი რესურსები, მატერიალურ-ადამიანური რესურსები და ა.შ. აქ საბანკო სისტემაც საგრძნობლად დაზარალდა, რადგან ძალიან ბევრი პროექტი იყო რომელიც ვერ შედგა. გაჩნდა დემოგრაფიული პრობლემაც, ლტოლვილების პრობლემაც, ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ვფიქრობ, რომ კორონავირუსის ნეგატიური დამოკიდებულების უგულვებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმ დანაკარგს, რაც ქვეყანამ ომის შედეგად მიიღო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაახლოებით 5 000 მსხვერპლამდე იყო, ბევრი ახლაც ტყვედ იმყოფება აზერბაიჯანში, ბევრი ჯარისკაცი ჯერ კიდევ მკურნალობს, ამიტომ ეს რთულია შეადარო კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს“.
ალავერდი
თათულ მანასერიანი აცხადებს, რომ ეკონომიკური პრობლემის მოგვარების მიზნით სომხეთის ხელისუფლებამ საექსპერტო საზოგადოებას უნდა მოუსმინოს, რადგან ბევრი სამოქალაქო საზოგადოებაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მუშაობს და სახელმწიფომ მათთან კომუნიკაცია უნდა დაამყაროს. რაც შეეხება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, მანასერიანი აცხადებს, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საერთო პრობლემებსა და საფრთხეებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა ერთმანეთისაგან განსხვავებულობაზე.

„განსხვავებულობა ყველგან არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეგიონის სამი ქვეყანა თუ თავიანთი ძალისხმევის კონცენტრირებას მოახდენს იმაში, რომ საჭიროა იბრძოლო გაყიდვების უსაფრთხოების, ფინანსური უსაფრთხოების, დემოგრაფიული უსაფრთხოებისათვის და ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის და უნდა უზრუნველყონ ამ სახის უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყველასათვის კარგი იქნება, უფრო უკეთესი პირობები იქნება შექმნილი თითოეული ქვეყნის მოქალაქისა და მთლიანად რეგიონისათვის“.
ბაზარი ალავერდში
ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარების წინაპირობას კვლევითი ცენტრი „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების მიერ საერთო ენის გამონახვაში და საერთო პრობლემების გადაჭრის გზების პოვნაში ხედავს. მანასერიანის მსგავსად სამეზობლო ურთიერთობების მოგვარებას, როგორც ძლიერი ეკონომიკის წინაპირობას, ხედავს სათემო მობილიზაციის და თანამონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ დულგარიანიც, რომელიც აცხადებს, რომ ცენტრალურ მთავრობებთან ერთად აუცილებელია ურთიერთობები დამყარდეს საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც, როგორიცაა ალავერდი სომხეთში და მარნეული საქართველოში.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომი 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარეობდა. ომის შედეგად აზერბაჯანმა მთიანი ყარაბაღში 5 რეგიონი დაიბრუნა. 44 დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს. ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა ტყვეების გაცვლის პროცესი, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტყვეები ომის შემდგომ დააკავეს რის გამოც მათ ტერორისტის სტატუსი მიანიჭეს, საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ აყვანილი ჯარისკაცები კი გაანთავისუფლეს. მიუხედავად აზერბაიჯანის განცხადებისა, სომხეთი აცხადებს რომ დაკავებული ჯარისკაცები სამხედრო ტყვეები არიან. 


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები