პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი – 1993 წელს დაბადებული ა.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.-მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები