მარნეულელი კაცის ოჯახი პირის თვითმკვლელობას პოლიციაში მომხდარ, სავარაუდო, ძალადობას უკავშირებს
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში 46 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილის ცხედარი 15 მაისს, საღამოს საათებში, იპოვეს. გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრები თვითმკვლელობას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიერ კაცზე განხორციელებულ, სავარაუდო, ფიზიკურ ძალადობას უკავშირებენ.

გარდაცვლილის ძმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მის ძმას ფსიქიკური პრობლემები რუსეთში ციხეში ყოფნის პერიოდიდან ჰქონდა და მედიკამენტებსაც იღებდა.

„მაისი დასაწყისში სოფელში ქურდობა მოხდა. გაქურდული ფულის მეპატრონემ ჩემს ძმას დაადო ხელი. პოლიციამ ის გამოიძახა ხელის ანაბეჭდების ასაღებად. პოლიციიდან რომ მოვიდა ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ დედას და რამდენიმე ნათესავს უთხრა, რომ პოლიციაში სახეში სილა გააწნეს და წიხლი კრეს. უყვიროდნენ, რომ ქურდობა ეღიარებინა. ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობდა და იქ არის ციხეში ნამყოფი, იქედან მოყოლებული ფსიქიკური დაავადება აქვს. სახლის ეზოში გარდაცვლილი რომ ვნახეთ 112-ს დავურეკეთ და მომხდარის შესახებ ვუამბე. ასევე იმაზეც მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩემს ძმაზე პოლიციაში იძალადეს“.

ქურდობის ფაქტი სოფელში 11 მაისს მოხდა. 46 წლის კაცი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე რა დროსაც მასზე, სავარაუდოდ, იძალადეს.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მასალა პასუხის მიღების შემდგომ განახლდება.

რადიო „მარნეული“

Print