შსს-ს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის
ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს
დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული
7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც,
მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად
ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.