თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი ბინაზე
გაწერეს, მეორე კი სტაციონარში იმყოფება
და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ექიმი, ირაკლი მესხიშვილი განმარტავს, დაშავებულებს ჭრილობები
ქვემო კიდურის არესა და წვივის მიდამოში აღენიშნებოდათ.
„შემოყვანილი იყო 2 მამაკაცი, რომლებსაც ჭრილობები
აღენიშნებოდათ. ერთს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა ქვემო კიდურის არეში,
მეორეს - წვივის ზემო მესამედში. ერთ-ერთს გადაუდებელ განყოფილებაში
გაეწია პირველადი დახმარება, შემდგომ საოპერაციო ბლოკში ჩაუტარდა
რევიზია და პალატაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. მეორე მამაკაცს მიმღებში დაუმუშავდა ჭრილობა,
სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდებოდა და ბინაზე
გაეწერა“,- აღნიშნავს ირაკლი მესხიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი
გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. როგორც
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
(ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე
(ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით
დაიწყო.