დამანისის სოფელ მთისძირში შიდა გზების მოწყობა სასმელი წყლის პროექტის დასრულებაზეა დამოკიდებული
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში შიდა გზები დაგებული არაა. წვიმის დროს სოფლის მოსახლეობას გადაადგილება უძნელდება, რადგან გზა ატალახებულია.

პლატფორმა „სალამმა“ 18 ივნისს სოფელ მთისძირში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

„მოგეხსენებათ, რომ 1 ივნისს წამოვიწყეთ კამპანია #აჩუქეწიგნი. ამ კამპანიის ფარგლებში დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ჩავედით და მოგროვებული თანხით შეძენილი წიგნები ბავშვებს ვაჩუქეთ“. - აღნიშნულია სალამის განცხადებაში

„სალამის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში კარგად ჩანს თუ რამდენად პრობლემურია შიდა გზების არარსებობა ადგილობრივებისათვის. სალამის წევრები აცხადებენ, რომ მთისძირელებისათვის პრობლემურია ბუნებრივი აირის არარსებობაც.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, გეგმავს თუ არა დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ მთისძირში შიდა გზების დაგებასა და გაზიფიცირებას, რასთან დაკავშრებითაც მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი ჩავწერეთ.

„ორ სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი სოკართან შეთანხმებით, რისთვისაც სოკარს ვუხდით მადლობას და მალე სოფელ მთისძირში იქნება ბუნებრივი აირი, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ვასახელებ. ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორმოცწყარო-მაშავერას სასმელი წყლის 44 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომლის მიხედვითაც დმანისის მუნიციპალიტეტის 20 სოფელს მიეწოდება სასმელი წყალი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ძველი მილების ამოღება და ახალის ჩაყრა რისთვისაც უნდა გადაითხაროს სოფლის გზები. აღნიშნული პროექტი დაახლოებით ორ წლიანია და მისი დასრულების შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია“.

დმანისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის შიდა გზების პრობლემები თითქმის ყველგანაა. განმარტავს, რომ მთისძირამდე მიმსასვლელი გზა უკვე მოწყობილია, ხოლო შიდა გზების მოწყობაზე სასმელი წყლის პროექტის დასრულების შემდგომ იფიქრებენ.

რადიო „მარნეული“

ფოტო: პლატფორმა „სალამის“ ფეისბუქ გვერდიდან

Print