მარნეულში გატაცებულ გოგოს პოლიციამ ფაქტის გასაჯაროების შემდგომ მიაგნო
ორი დღის წინ გატაცებული გოგო მარნეულის პოლიციის განყოფილებაშია. დღეს, 20 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყტნა პოსტი, სადაც სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობაზე საუბრობდა. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კი გატაცებული გოგო პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

„მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგონა იძულებით მოიტაცეს.
ორი დღეა, მისი მშობლები და ახლობლები პოლიციის შენობასთან ღამეს ათენებენ და გოგო ჯერ ვერ იპოვეს.
შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა რომელიც მოტაცებულია 20 წლისაა, მარნეულში ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა წინა დღეს მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო. მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება, გოგოს მოტაცების გეგმის და გოგო სოფელში რომ დაბრუნდა საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იძულებითად მოიტაცეს. გოგო ვინც მოიტაცა ის ბიჭი მისი ჯგუფელის ძმაა. ოჯახები ერთმანეთს არ იცნობენ, არც გოგო არ იცნობს ბიჭს.
მშობლები ამბობენ, რომ მოტაცების გეგმა დაგეგმილი ყოფილა ბიჭის დის მიერ რომელიც ჯერ არც დაბარებულა პოლიციაში“.
- წერს სამირა ბაირამოვა

სამოქალაქო აქტივისტისა და უფლებადამცველის განცხადებით, გატაცების ფაქტის გასაჯაროების შემდგომ მას გოგოს ოჯახის წევრი კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოლიციისა და გამტაცებლის მხრიდან მიიღეს პირობა, რომ გოგოს 1-2 საათში დააბრუნებდნენ, სამაგიეროდ კი ბაირამოვას სთხოვეს, რომ ფაქტი მედიებისათვის არ გაესაჯაროებინა.

„გოგოს ბაბუა სოფლის რწმუნებლის მოადგილე ყოფილა და მედიაში მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციის გავცრელება პოლიტიკურად არ მოუხდობოდა მის პროფილსოო... მანამდე აბა პოლიტიკურად ვერ მოაგვარეთ ხო, რომელიც 2 დღეა ეძებთ და როგორც მითხრეს ღამეებს ვათენებთოო...
მანამდე ორი საათის წინ კი იმედგაცურებულებმა, გამწარებულებმა დამირეკეს, მთხოვეს, რომ მიაწოდე შსს ინფო, ადგილზე არ ხდება შესაბამისი რეაგირება და ასევე გვინდა ეს ფაქტი მედიაშიც გავასაჯაროვოთო არაა პრობლემაოო რადგან ორი დღეა უმედოდ ვართოო...
ასე გამოდის, რომ ახლა მათი თვალში მთავარი დამნაშავე ვარ მე, რომელმაც გავასაჯაროვე ეს ფაქტი და შეშინებული ბიჭის მხარე ახლა თანახმა არის გოგო რომ დაიბრუნეს ოჯახს... ახლა ტელეფონზეც კი არ მიპასუხებენ
ალბათ ასობით ასეთი შემთხვევა მაქვს გავლილი, სულ 1-2 დღის შემდეგ კიდე დამირეკავთ, მეტყვით, რომ როგორც შეგპირდნენ ასე არ წავიდა საქმეო და მე მაინც კიდე დაგეხმარებით..“
- აცხადებს ბაირამოვა

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გოგონა ნაპოვნია, ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. გატაცების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები