საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენელი მიწებს თაღლითურად ითვისებს-„აი ფაქტი“
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტმა" გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის მერიის წარმომადგენელი უკანონოდ სახნავ-სათეს მიწებს დაეუფლა.

სტატიის ავტორები წერენ რომ, „ადგილობრივების თქმით, ისმაილოვის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორია საბჭოთა დროს სოფელს კოლექტიურ სარგებლობაში ჰქონდა. მან აქ მიწების მითვისება მერის წარმომადგენლად არჩევის შემდეგ, ხოლო მათი რეგისტრაცია 2020 წელს დაიწყო. ახლა ისმაილოვი განკარგავს 55 ნაკვეთს, რომელიც ოფიციალურად მისი ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არ არის. ამ მიწის ნაკვეთების ფართობი, ჯამში, 90 ჰექტარია. აქ მერის წარმომადგენელს ფერმა, სიმინდისა და იონჯას ყანები აქვს“.

სოფლის მკვიდრები ისმაილოვის ქმედებების გასაპროტესტებლად არა ერთი აქცია ჩაატარეს, რომელიც მედიაშიც იყოს გაშუქებული. თუმცა ამას შედეგები არ მოჰყოლია.

რაბაიათ მამედოვა ერთ-ერთი დაზარალებულია. როგორც ამბობს, მიწა მისი ოჯახის სარგებლობაში იყო და ისმაილოვმა წაართვათ. მამედოვამ სოფლის რწმუნებულს პროკურატურაში უჩივლა, თუმცა მისი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

“მამაჩემს სარგებლობაში 2 ჰექტარი მიწა ჰქონდა. ისმაილოვმა მიწის გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტი არ მოგვცა, მე თვითონ უნდა გავაფორმო და გავყიდოო. 2020 წელს მიისაკუთრა და სხვებზე გადააფორმა. მუხტარს რომ ვუთხარი გიჩივლებ მეთქი, წადი, სადაც გინდა მიჩივლე, ვერაფერს მიზამო. ვუჩივლე პროკურატურაში, მივწერე პარლამენტს, მაგრამ 2 წელია ჩემს საჩივარზე არავინ რეაგირებს. საქართველოში კანონი არ არსებობს,”
– გვითხრა რაბაიათ მამედოვამ.

ისმაილოვს საკუთარ სახელზე მხოლოდ ორი ნაკვეთი აქვს, ჯამში 0.7 ჰა ფართობის. დანარჩენები კი ოჯახის წევრებსა და თანასოფლელებზეა გაფორმებული. “აი, ფაქტმა” ასეთი 31 ადამიანი გამოავლინა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების შესწავლით გავშიფრეთ სქემა, რომელსაც ისმაილოვი იყენებს.

ვთქვათ, ისმაილოვს მოეწონა x ნაკვეთი, რომელიც რეესტრში არავის სახელზე არაა რეგისტრირებული. ამის შემდეგ იგი არჩევს სანდო ადამიანს, რომლის სახელზეც ეს ნაკვეთი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. მისი რჩეული მიდის რეესტრში და ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს. რეესტრი იწყებს ამ პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძიებას არქივებში და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში.

როცა რეესტრი ამ დოკუმენტს ვერ პოულობს, მიმართავს ვის? საგარეჯოს მერიას. მერიას ევალება დაადგინოს, ესა თუ ის ნაკვეთი არის თუ არა საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობისთვის გაცემული მიწა. სწორედ აქ ერთვება ისმაილოვი როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი. მას მიჰყავს ნაკვეთთან ორი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნაკვეთი იმას ეკუთვნის, ვინც რეგისტრაციას ითხოვს. მოწმეებად ისმაილოვი მისთვის სანდო ადამიანებს იყენებს, მაგალითად მის ცოლს ან მეგობრებს…

საბოლოო სიტყვა კი ისმაილოვზეა. მან უნდა დაუდასტუროს მერიას, რომ მიწის ნაკვეთი ნამდვილად არის მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწა. ისმაილოვი ასეც იქცევა და რეესტრი ნაკვეთს ამ პირს უფორმებს.

ამ გზას გადის ყველა ის მიწა, რომელიც ისმაილოვის ხელშია. მან ასე დაარეგისტრირა 37 ნაკვეთი. გარდა ამისა, ისმაილოვს და მის შვილს სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული 24 ჰა მიწა. მასში, ყოველწლიურად, 9,170 ლარს იხდიან.

გამომძიებელ ჟურნალისტების ინფრმაციის ამ სქემაში ჩართულია 31 ადამიანი. "აი ფაქტმა" სცადა მათთან გასაუბრება. რის შედეგაც გაირკვა რომ მიწის „მფლობელები“ ხშირ შემთხვევაში არც კი იციან სად მდებარეობს მიწა და რა სამუშაოებისთვის არის გამოყენებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები