ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარის სროლის ფაქტზე, რის გამოც 3 ადამიანი დაშავდა, ერთი პირი დავაკავეთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული პირი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები