2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით
შემცირდა.
ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქვეყნებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო
დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ
102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის
დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის
იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი
გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, ქრთამის აღებისა და მიცემის
ფაქტები, შესაბამისად, 83.33%-ით, 34.29%-ით, 4.35%-თა და
14.29%-ით.
კერძოდ, იანვარ-სექტემბერში სამსახურებრივი გულგრილობის -77,
სამსახურებრივი სიყალბის - 47; ქრთამის აღების - 24 და ქრთამის
მიცემის - 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ უწყების ოფიციალური სტატისტიკით, ყველა სხვა ტიპის
დანაშაული შემცირებულია.
შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში
სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 64 - სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და 187 - სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ
დარღვევებზე, სტატისტიკა წლიურად შესაბამისად, 11.11%-თა და 23.05%-ით
არის შემცირებული.