6 დაღუპული და 5 დაშავებული - რა ხდება უმძიმესი ღამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საგარეჯოში
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.

თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეც. ოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.

ამ წუთებში "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება იმ საცხოვრებელ კორპუსთან, რომლის ეზოშიც რამდენიმე საათის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სწორედ აქ იმყოფებიან, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ როგორც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იმ საცხოვრებელ ბინაში, სადაც 48 წლის თავდამსხმელი იმყოფებოდა.

ირკვევა, რომ იგი იყო საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი და მას არ ჰქონდა ურთიერთობა მეზობლებთან. ასევე, ცხოვრობდა მარტო და კონტაქტობდა მხოლოდ ერთ შვილთან, რომელიც შემთხვევის დროს სწორედ მის სახლში იმყოფებოდა, მაგრამ შეძლო ტერიტორიის დატოვება. ის სავარაუდოდ ახლა იკითხება პოლიციის განყოფილებაში.

გაირკვა, რომ თავდაპირველად მამაკაცმა ცეცხლი გახსნა საცხოვრებელი კორპუსის შიდა პერიმეტრიდან, დაჭრა ეზოში მყოფი 2 ადამიანი. ამის შემდეგ მეზობლების დასახმარებლად მოსულ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი. ასევე, "კურიერმა" გაარკვია ახალი დეტალი, რომ ცეცხლის გახსნა მოხდა ცენტრალური მაგისტრალის მიმართულებითაც, ანუ კორპუსის წინა მხრიდან, სათადარიგო გასასვლელის დახმარებით, სხვა აივნიდან, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნა ერთ-ერთ მარკეტს, რომელიც ახლო ტერიტორიაზე მდებარეობს და დაიჭრა რამდენიმე პირი. მათ შორისაა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გამოძახებაზე იყო მისული და სროლის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ეს გახლავთ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ასევე, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი რჩება შემთხვევის ადგილზე და არკვევს დამატებით დეტალებს.

წყარო: rustavi2.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები