გორში კაცს სამი ძირი კანაფის მოყვანის გამო პატიმრობა ემუქრება
გორის რაიონული სასამართლო განიხილავს მოქალაქე მიხეილ მახარაშვილის საქმეს, რომელსაც პროკურატურა სამი ძირი მარიხუანის მოყვანას ედავება.

მახარაშვილი, რომელიც 5 შვილის მამაა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ კანაფის თესლი ლეგალურად შეიძინა მაღაზიაში და არ იცოდა, რომ მისი მოყვანით რაიმე კანონდარღვევას ჩადიოდა.

მიხეილ მახარაშვილის თქმით, სამი ძირი კანაფის მოყვანის გამო შვიდ წლამდე პატიმრობა ან პირობითი სასჯელი ემუქრება. მოქალაქის თქმით, პროკურატურამ საპროცესო გარიგება შესთავაზა, რაც დანაშაულის აღიარების შემთხვევაში სხვადასხვა პირობებით გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა თავად თანახმა არაა.

„საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით მე ვამბობ, რომ თუ რაიმე დავაშავე, დამაპატიმრონ. არსად გავრბივარ, პირობითი რატომ უნდა მქონდეს?! სანამ მოსამართლემდე მივიდოდა ეს საქმე, განყოფილებაშივე მთავაზობდნენ ამას [საპროცესო გარიგებას]. ბოლოს და ბოლოს, მოსამართლის გადასაწყვეტია, მე როგორი კაცი ვარ.

ჯერ მაღაზიაში მომყიდეს კანაფის თესლი, თუ არ შეიძლებოდა, იმ მაღაზიისთვის ეთქვათ… მე რაში ვარ დამნაშავე? მე მეგონა, ლეგალიზაციაზე მიდიოდა საუბარი, მაღაზიაში სააშკარაოზე რომ იყიდება კანაფის კაკლები „გარანტირებული აღმოცენებით“, მეგონა, ერთი-ორი ძირი რომ მომეყვანა, ნებადართული იყო. ახლა მეუბნებიან, დანაშაულიაო“,
– ამბობს მიხეილ მახარაშვილი „ნეტგაზეთთან“.

მიხეილ მახარაშვილის თქმით, მას სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით ედავებიან, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას.

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია თრიალეთმა გაავრცელა.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური 2018 წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია- გაყიდვაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები