ბადრი ესებუა სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა
საქართველოს ბანკზე ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს, 10 თებერვალს სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა.

სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, რომელსაც ბადრი ესებუა დისტანციურად ჩაერთო, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ესეუბასთვის იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

თუმცა, ვინაიდან ბადრი ესებუას პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეში, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


ბადრი ესებუა 8 თებერვალს ზუგდიდში დააკავეს. ესებუას სწორედ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წელს შეჭრასა და 43 ადამიანის მძევლად აყვანა ედება ბრალად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

წყარო: ნეტგაზეთი
Print