დისკრიმინაცია და უფლებამოსილების გადამეტება - დმანისელი აქტივისტი სამართალდამცველებს ადანაშაულებს
დმანისელი სამოქალაქო აქტივისტი რუსლან ომაროვი აცხადებს, რომ 13 თებერვალს, დმანისში, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მას და მის ახლობლებს ეთნიკური ნიშნის საფუძველზე შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთან ურთიერთობისას სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.

„დაახლოებით შუადღის 3 საათი იქნებოდა, მეგობართან ერთად გაჩერებაზე მარშრუტკის გასვლას ველოდებოდი თბილისში წომოსასვლელად და თან მყავდა ოჯახის წევრები: მამაჩემი, ბიძაშვილი და ერთი სხვა ნათესავი. ამასობაში მოგვიახლოვდა პატრულის მანქანა და ჩამოვიდა ორი პოლიციელი (ვვარაუდობ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ, პატრულის ფორმა არ ეცვათ) მოგვესალმეს და არანაირი მათი პიროვნების და სამსახურებრივი პოზიციის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის გარეშე გვკითხეს თუ სადაურები ვიყავით და აქ რა გვინდოდა. როცა ავუხსენით, ეგრევე, „ჯიბეში ისეთი არაკანონიერი რამ ხომ არ გიდევთო“ და ჯიბეების შემოწმება დაგვიწყეს. ერთმა უცებ ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და „ჩემკენ უყურე, სურათს გადაგიღებო“. რას აკეთებთ მეთქი, ხომ იცით არ გაქვთ მაგის უფლება თქო და „რაო ახლა ვიტყუებიო?“ მითხრა. რაც გინდათ ის დაარქვით და მე ერთი ის ვიცი, რომ არ გაქვთ ამის უფლება მეთქი. აგერ პირადობა მიდევს და შეგიძლიათ მოახდინოთ ჩემი იდენტიფიკაცია მეთქი“. - წერს რუსლან ომაროვი ფეისბუქ გვერდზე

საკუთარ ფესიბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ომაროვი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ კანონში რამდენიმე თვის წინ შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც მათ ჰქონდათ უფლება პირის იდენტიფიცირების მიზნით ფოტოსურათი გადაეღოთ, ხოლო მას შემდეგ რაც ომაროვმა აღნიშნული ინფორმაციის მეგობარ ადვოკატთან გადამოწმება სცადა მას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ინტრიგანი უწოდეს.

„არც გვერდით მდგომ მეგობარს სთხოვეს პირადობა და გადაუღეს სურათი. ეგ, რომ აღვნიშნე და ვთქვი არასწორი იყო ის რასაც აკეთებდნენ, „ეგ 2-3 თვის წინ იყოო და კანონში ცვლილება მოხდაო“ თქვეს. კარგი მეთქი ადვოკატ მეგობარს დავუკავშირდები და დავაზუსტებ. რომ არ გამომივიდა დაკავშირება და ისევ გავუწიე წინააღმდეგობა სურათის გადაღებაში. ერთ-ერთმა მათგანმა „ახლა ნუ მეინტრიგებიო“ და მამაჩემს, რომელმაც თქვა „სტუდენტები არიან, არაფერი დაუშავებიათო“ საკმაოდ „ნაგლურად“ და ზემოდან ყურებით „შენ ვინ ხარ საერთოდ? ქართული იციო?“ უთხრეს, რამაც ცალკე, ძაან გამაბრაზა. წარმოვიდგინე, თუ როგორ მომექცეოდნენ ქართული, რომ არ მცოდნოდა. ამის შემდეგ ცოტა გაგვირძელდა საუბარი. საუბარიც როგორი? ყოველ მეორე სიტყვით შენი დამცირება, დაჩაგვრა სურდათ.“.

დმანისელი სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მას დაემუქრნენ რომ თუ კვლავ გააგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას განყოფილებაში გადაიყვანდენ.

„ბოლოს იმით დამემუქრნენ, რომ თუ ისევ გავუწევდი წინააღმდეგობას განყოფილებაში გადამიყვანდნენ. არაა პრობლემა მეთქი და ამასობაში მამაჩემმა შემაჩერა, დაანებე გადაიღონ ამჯერად, აგერ მარშრუტკაც გადისო და დაც გელოდებაო მარშრუტკაშიო.
აუსრულდათ ოცნება. გადამიღეს!!
სახელი და გვარის გაგონების პატივიც ამ ყველაფრის შემდეგ გვქონდა“.


რუსლან ომაროვის განცხადებას გამოეხმაურა „სოლიდარობის მუზეუმი“. ორგანიზაცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ მათ წევრისა და სამოქალაქო აქტივის მიმართ განხორიცლებული ზეწოლისა და დაშინების ფაქტი.

„დმანისის მუნიციპალიტეტის დესტრუქტიული ჯგუფები და რიგი პროვაკატორები, მათ შორის სამართალ დამცავი ორგანოზების წარმომადგენლები ებრძვიან მას და ქმნიან სხვადასხვა ბარიერებს, ახორციელებენ მასსა და მისი ოჯახის მიმართ ზეწოლასა, დაშინებასა და დამცირებას“. - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

სოლიდარობის მუზეუმი შინაგან საქმეთა სამინისტორსა და სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებს შეისწავლონ მომხდარი ინციდენტი და აცხადებს, რომ რუსლანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლის, დამცირებისა და დაშინების განმახორციელებლებმა სამსახურეობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების გამო, კანონის შესაბამისად, უნდა ააგონ პასუხი.

რადიო „მარნეული“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა დამანისელი სამოქალაქო აქტივისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა.

ამავე თემაზე: 
ჩვენი უფლებები და ვალდებულებები პოლიციასთან ურთიერთობისას

Print