შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთის მოქალაქე სხეულზე მოწყობილი სპეციალური სამალავებით, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანას ცდილობდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მებაჟე ოფიცრებმა აღნიშნული ფაქტი აღკვეთეს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის მოქალაქე ს.ი. შემოვიდა. აღნიშნული მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოჩენილი იქნა, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული 1796 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი (“SUBOXONE”).

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ,“
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: BPN
Print