სამი ახალგაზრდის სასჯელის შემსუბუქების იმედით დაშტაფელებმა შსს-ს ბოდიში მოუხადეს
13 მაისს დაშტაფის მოსახლეობამ და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა სამმა ახალგაზრდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადეს. ბოდიშის მოხდის მიზნით გამართული აქცია თელეთში საქართქველოს პოლიციის შენობასთან გაიმართა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ორი დაკავებულის ადვოკატმა ალი ბადიროვმა განაცხადა, რომ პროკურატურასთან შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, რადგან პირველ ეტაპზე დაკავებულებს დაზარალებულებთან, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან, უნდა „მოეგვარებინათ პრობლემა“.

„დაზარალებულ მხარეს იცით, რომ პატრულის თანამშრომლები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, მოზარდების იდეა იყო, რომ მათი ბოდიში როგორმე მიგვეწვდინა. პრობლემა იმგვარად იყო განვითარებული, რომ უკვე სოფელ დაშტაფასა და პატრულს შორის დაძაბულობაც იყო. პატრულის მანქანები სოფელ დაშტაფაში ამ ინციდენტის შემდეგ არ შემოდიოდნენ და სოფელ დაშტაფის მაცხოვრებლების წუხდნენ, რადგან პრობლემა არ იყო მოგვარებული და მოზარდების ბედი რისკის ქვეშ იყო. იცით, რომ მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი, რომელიც მძიმე მუხლია, მაგრამ როდესაც დაზარალებულ მხარეს არ აქვს პრეტენზია, მაშინ ბევრად უფრო ადვილია რომ უფრო მეტად რბილი სასჯელით, საპროცესო შეთანხმებით, დასრულდეს ეს პრობლემა. აქცია ძალიან დიდი მოწონებით მიიღო პატრულის თანამშრომლებმა. მათ მადლობაც გადაგვიხადეს ამგვარი ნაბიჯისთვის და თქვეს, რომ რა თქმა უნდა, ასე სჯობია და უკეთესია თუ მშვიდობიანად, ყველა მხარე ერთამანეთთან ვიქნებით და რა თქმა უნდა, მოზარდებს ვაპატიებთ, რადგან სინანულს გრძნობენო. ასეთი იყო, ამ ეტაპზე, პატრულის თანამშრომლების ზეპირი კომუნიკაცია და იმედია ამას პროკურატურაშიც განაცხადებენ“. - განაცხადა ალი ბადიროვმა

12 აპრილს, საღამოს საათებში, საპატრულო პოლიციის მანქანა სამ ახალგაზრდას აედევნა. ახალგაზრდების მაქანა სოფელ დაშტაფაში გზიდან გადავარდა და ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და მანქანაში მსხდომ ორ პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს სოფლის მოსახლეობამ მანქანაში მყოფი სამივე პირი გადამალა, ხოლო მოგვიანებით სოფელში სპეციალური ოპერაცია ჩატარდა და სამივე მათგანი დააკავეს. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულების ადვოკატი ალი ბადიროვი იმედოვნებს, რომ პროკურატურა დაცვის მხარესთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს. მისი განმარებით, დაცვის მხარე თანახმაა დაკავებულებს შეეფარდოთ პირობითი სასჯელი და ფულადი ჯარიმა.

დაშტაფაში დაკავებული სამი ახალგაზრდის მომდევნო სასამართლო სხდომა 7 ინისსაა ჩანიშნული. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მანამდე შეძლებენ საპროცესო შეთანხმების შედგენას და ახალგაზრდები ციხეში არ ჩაჯდებიან. 18 აპრილს ადვოკატი ალი ბადიროვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ასევე აცხადებდა, რომ სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირზე დაკავების პროცესში ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს, ხოლო დღეს, 15 მაისს ბადიროვმა გვითხრა რომ დაკავებულებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განუცხადეს, რომ სამართალდამცველების მიმართ პრეტენზიები აღარ აქვთ.

ფოტო: ალი ბადიროვის ფეისბუქ გვერდიდან
რადიო „მარნეული“

Print