ქვემო ქართლიდან სამ თვეში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 92 პირი გადაიყვანეს
2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ქვემო ქართლიდან შინაგან
საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის
ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში 92 ადამიანი წარადგინეს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნარკოლოგიურში წარდგენილი 92
ადამიანისაგან დადებითი შედეგების მქონე პირთა რაოდენობა 63-ია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები სქესისა და
ასაკობრივი ჭრილის მიხედვით აქვს ჩაშლილი. მონაცემების მიხედვით,
ქვემო ქართლიდან ნარკოლოგიურში გადაყვანილი 92-ივე ადამიანი კაცი იყო.
მათი უმრავლესობა, 60 ადამიანი, 25-დან 44 წლამდე ასაკისაა, 21
ადამიანი 45-დან 60 წლამდე, 7 ადამიანი 18-დან 24 წლამდე და 4
ადამიანი 60 წელს ზემოთ.
საქართველოს მასშტაბით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა
უმრავლესობა კაცია. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოციალური
სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ განაცხადა, რომ
ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ სტატიტსიკურად
ნარკომომხმარებლების უმრავლესობა კაცები არიან, შესაბამისად,
ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაყვანილ პირთა უმრავლესობაც კაცები
არიან.
„მომხმარებლებში კრიტიკულ უმრავლესობაში არიან კაცები და
ქალი ნარკოტიკის მომხმარებლების რაოდენობა ბევრად ჩამორჩება
რაოდენობრივად კაცებს. ცხადია, აქ შეიძლება იყოს ის ნაწილიც, რომ
ქალები შეიძლება უფრო მეტად მალავენ, რომ არ მოიხმარენ ნარკოტიკებს,
მაგრამ ამის მიუხედავადაც უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში ნარკოტიკის
მომხმარებლებში მნიშვნელოვნად ჭარბობს კაცების რაოდენობა. ამ
მდგომარეობით, ამ რეალობით უნდა აიხსნას ის, რომ იძულებით
ნარკოტესტირებაზეც გადაყვანილი კაცების რაოდენობა ბევრად უფრო მაღალია
ვიდრე ქალების“. - განაცხადა გურამ იმნაძემ
საქართველოს მასშტაბით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სულ 1 416 ადამიანი
გადაიყვანეს. მათგან 19 ქალია, ხოლო 1 397 კაცი. ნარკოლოგიურ
შემოწმებაზე გადაყვანილი პირთაგან დადებითი შედეგების მქონე პირთა
რაოდენობა 1 071-ია. მათგან, 14 ქალია, ხოლო 1 057 კაცი.
რადიო „მარნეული“