ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის სოფელ პატარა ჩორჯოში
45 წლის ქალს ცოფი დაუდასტურდა და გარდაიცვალა.
45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, 2024 წლის თებერვალში, მისივე
ლეკვისგან დაინფიცირდა. იმავე თვეში ლეკვი მოკვდა.
ქალს ცოფის საწინააღმდეგო აცრა არ გაუკეთებია.
ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ
დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით.
შემთხვევა 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა,
რომელიც იმავე დღეს
მისი გარდაცვალებით დასრულდა.
პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა.
უწყების განცხადებით, მსგავსი შემთხვევა, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ,
წელს პირველად გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი
რეაგირების ღონისძიებები.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის
ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა
და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა
ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში.