ექიმის ცნობით, ბოლნისში დაშავებული 2 პირი საავადმყოფოში რჩება, 8 კი უკვე გაწერეს
ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ექიმის განცხადებით, წუხელ მომხდარის შედეგად საავადმყოფოში 10 ადამიანი იყო შეყვანილი, მათგან 8 უკვე გაწერეს, 2 კი მკურნალობას ისევ აგრძელებს.

„შემოიყვანეს ათი პაციენტი, აქედან, ორი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, რვა კი გაეწერა. ისინი სხვადასხვა ტრავმით გაეწერნენ და შემდგომი ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცათ.

ერთი პაციენტი გადაყვანილია პალატაში, მეორე ჯერჯერობით, დაკვირვების დარბაზში იმყოფება და ცოტა ხანში
მასაც გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ, რჩებიან სამკურნალოდ“,
– განაცხადა ოთარ ქებაძემ.

მედიის მიერ გადაღებული კადრებით ჩანს, რომ საავადმყოფოსთან შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება აქვს.

30 დეკემბერს ბოლნისი-მარნეულის გზაზე ავტოავარიას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. მძღოლი უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შემდეგ ადგილზე შეიკრიბა მოსახლეობა და ვითარება დაიძაბა. მათი ცნობით, „დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის”.

უწყების თანახმად, შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე მანქანა, ასევე, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.

შსს აცხადებს, რომ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით წუხელ შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.

დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები და პოლიციის თანამშრომლები.

ნივთის დაზიანების, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 126-ე და 353 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: პუბლიკა



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები