უკვე 14 დღეა რაც მტკვარში 21 წლის გოგოს ეძებენ. 21 წლის აითაჯ
მამედოვა “მშვიდობის ხიდის” მიმდებარედ მდინარე მტკვარში პირველ
აპრილს გაუჩინარდა.
აითაჯის ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს
აკეთებს, რის გამოც მათ სამძებრო სამუშაოები თავად დაიწყეს.
აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მისი ორი მეზობელი მდინარე მტკვირს
სანაპიროზე მოძრაობენ, მდინარეში კუსტარულად მოწყობილი “ტივტივათი”,
კაბელით შეკრული 3 და
5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებით, შედიან და ასე
ცდილობენ აითაჯის პოვნას.
“4 კაცი ვართ, მე, ბიძაშვილი, მეზობლები. 4 კაცი
თბილისიდან წითელ ხიდამდე ვეძებთ. ერთი ნავიც კი არ დამინახავს აქ,
ღმერთს ვფიცავარ. ეს ბოთლებია ჩემი ნავი. სერიოზული პრობლემა გვაქვს.
ჩვენი ძალებით, სახსრებით 4 ადამიანი ვატერებთ გამოძიებას. ერთი
კვირაა მე ერთი ნავიც არ მინახავს წყალში. ვერაფერს ვხედავ.
მხარდაჭერა არ არის” - გვითხრა აითაჯის ბიძამ, რასულ
ომაროვმა
დაკარგული აითაჯ მამედოვას ბიძა იხსნებს, რომ 21 წლის გოგო პირველ
აპირსლ, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის
დაბადების დღის აღსანიშნავად იყო წასული, წვეულებიდან გამოსვლის
შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან,
გაუჩინარდა. რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ
ვიდეოზე ჩანს თუ როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის
წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.
“პოლიციელები ვიდეოს არ გვაჩვენებენ, მაგრამ ამბობენ გოგო
წყალში ჩავარდაო. თვითონ გადახტა წყალშიო. ფეხსაცმელი, ჩანთა და
ტელეფონი იქ დაუტოვებია. დაბადების დღიდან რომ დაბრუნდა ალბათ
თავისთავად ასე გადაწყვიტა. იქ რა მოხდა, აწყენინეს თუ არა, არაფერი
ვიცით უბრალოდ გამოძიება ნულია. სხვაგანაც შეიძლება გაქცეულიყო.
მაგრამ არც ვიდეოს არ გვაჩვენებენ და არც არაფერი. მტკვარის პირას
მისი ნივთების გარდა არაფერია. პოლიცია არანაირ ვიდეოს არ გვაჩვენებს.
სხვა არაფერი არ ვიცით”. - ამბობს რასულ ომაროვი
რასულის თქმით, გამოძიებას ორთაჭალის პოლიციის განყოფილება აწარმოებს.
ამბობს, რომ სახელმწიფო აითაჯის სამძებრო სამუშაოებს სათანადო
ძალისხმევით არ ასრულებს.
“ბევრი ტერიტორია დაკეტილია, ნებართვას არ გვაძკევენ. არც
პოლიცია, არც სახელმწიფო არ შედის ამ ტერიტორიებზე. არც ჩვენ
გვაძლევენ უფლებას. უბრალოდ ბოთლებით მდინარის პირას, კუნძულებში
ვეძებ. მაგრამ ვინმემ თევზი რომ დაიჭიროს მაშინვე გარემოს დაცვის 10
ნავი მოდის. ვინმე ან რამე რომ გაიქცეს ტყეში 5 ვერტმფრენს უშვებენ.
უბრალოდ სახელმწიოფო ელოდება რომ ფასიან ნავებს დავიქირავებთ, ჩვენ კი
ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ძალიან რთული საკითხია. ჩვენ მხოლოდ
დახმარება გვინდა. ორთაჭალის პოლიციამ მითხრა 22 კილომეტრზე
მოვძებნითო. ველოდებით ინფორმაციას. ვინმე სადმე თუ რამე დაინახავს,
თუ გვეტყვიან წავალთ და ამოვიყვანთ”. - ამბობს რასულ
ომაროვი

რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს
მდინარე მტკვირს მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია წყლის
საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობს კალაპოტის
დათვალიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო “მარნეულს” განუცხადეს, რომ
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე
მიყვანას გულისხმობს.
რადიო “მარნეული”